თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული 13 500-მდე მოქალაქისთვის, საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, თითოეული საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 125-ლარით გაიზრდება.
საჯარო ბაღებში დაგეგმილ სიახლეზე საზოგადოებას ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.
„ეს არის მიმართულება, სადაც თანამშრომლებს ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ და ამ მხრივ ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ეს იყო წინასაარჩევნოდ პრემიერ-მინისტრის დაპირება და ჩვენ, რა თქმა უნდა, დაპირებას ვასრულებთ. საერთო ჯამში, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში არსებული შრომითი განაკვეთების გათვალისწინებით, ხელფასები იზრდება საშუალოდ 25%-ით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გასული 2024 წელი იყო ერთ-ერთი გამორჩეული სკოლამდელი განათლების სისტემის მხარდაჭერის მიმართულებით.
„დედაქალაქში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა აშენდა და გაიხსნა, ორი ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, დაიწყო ახალი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, შვიდი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ამ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.