გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დეპარტამენტის დირექტორს, თომას ერიქსონს შეხვდა.
შეხვედრა თბილისში, კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონული დიალოგის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და GCF-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, კლიმატის დაფინანსების გაზრდისა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
„საქართველო მზადაა GCF-თან ერთად იმუშაოს ისეთ პროექტებზე, რომლებიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს და ფინანსური რესურსების მობილიზებას შეუწყობს ხელს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის კლიმატური მდგრადობის გაძლიერება, წყლის რესურსების მართვა, ტყეების აღდგენა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება. ამ მიმართულებებით უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა GCF-თან და მზად ვართ, პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, ახალი პროექტების განხორციელებითა და რეგიონულ ინიციატივებში უფრო აქტიური ჩართულობით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
თომას ერიქსონმა საქართველოს მთავრობას რეგიონული დიალოგის თბილისში გამართვისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო GCF-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„საქართველოსთან უკვე გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობის საფუძველი და საკმაოდ ძლიერი პროგრამული პორტფელი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აქ უნდა გავჩერდეთ. საქართველოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებებით ახალი ინიციატივების განვითარებას ვხედავთ. ამ სამი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ, როგორ გავაფართოოთ არსებული პროექტები, განვავითაროთ ახალი ინიციატივები და კიდევ უფრო გავზარდოთ კლიმატის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა თომას ერიქსონმა.
6-8 ოქტომბერს, თბილისში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონული დიალოგი იმართება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს. დიალოგის ფარგლებში განიხილება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები, კლიმატური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები და თანამშრომლობის გაძლიერების გზები