მისასალმებელია, რომ ეს (საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, სახელმწიფო განსაზღვრავს შესასყიდ ფასებს შაქრიანობის მიხედვით) მარტის დასაწყისში უკვე ჩაიწერა მთავრობის განკარგულებაში. შესაბამისად, ეს ახლავე იცის ფერმერმა, რათა დაიჭიროს თადარიგი და მოიყვანოს უფრო ხარისხიანი და მაღალ შაქრიანი ყურძენი, რათა მიიღოს უფრო მეტი თანხა თითოეულ კილოგრამში", - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს მიზანია, ერთი მხრივ, დარგის მხარდაჭერა გაგრძელდეს, ხოლო მეორე მხრივ, წახალისდეს ხარისხიანი და მაღალშაქრიანი ყურძნის წარმოება.
"(რთველს სახელმწიფო აღარ დაასუბსიდირებს), თუმცა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აქვს როგორც დარგის განვითარებაზე, ისე დარგის მდგრად განვითარებაზე, რაც არა მხოლოდ ეკოლოგიურ პრობლემებს გულისხმობს, არამედ სოციალურ პრობლემებსაც. აქედან გამომდინარე, ერთი ხელის მოსმით ყველაფრიდან გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ეს დარგი თავისით მიხედავს თავის თავს - არ არის, რადგან ეს ყველაფერი იქნება იმ ხალხის და ფერმერების ხარჯზე, რომელთაც შემოსავალი სწორედ ამ ვენახებიდან აქვთ.
აქ არის მეორე მხარეც, რომ ეს არ უნდა იყოს უკონტროლო და არ უნდა გაჩნდეს ის განცდა, რომ მე რაც არ უნდა მოვიყვანო მაინც მივიღებ თანხას. ამიტომ შარშან პირველად მოხდა ფასის შაქრიანობის მიხედვით დივერსიფიცირება და წელს კიდევ უფრო გამკაცრდა", - აცხადებს ლევან მეხუზლა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, სახელმწიფო განსაზღვრავს შესასყიდ ფასებს შაქრიანობის მიხედვით. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა აღემატება 20%-ს, ფასი 1.30 ლარია, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი. რაც შეეხება საფერავს, 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე - 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ღვინის მოხმარება განსაკუთრებით შემცირდა ბოლო 10 წელიწადში.