8 მაისს საქართველოში "ღვინის დღე" აღინიშნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე გვაქვს. ღვინო არ არის მხოლოდ პროდუქტი, ეს არის ცხოვრების და ცივილიზაციის ნაწილი, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ერთი ორად დასაფასებელია ამ დღის აღნიშვნა დღეს, რადგან ღვინოს არც თუ ისე სახარბიელო და საუკეთესო დრო უდგას მსოფლიოში.
"რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ დღის აღნიშნა ამაზე თუნდაც სტუმრები მეტყველებდნენ. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი სპეციალურად ამისთვის ჩამოვიდა საქართველოში და დაგვაფასა. მას ძალიან საინტერესო იდეა აქვს, რომელშიც საქართველო ერთ-ერთ წამყვან როლს დაიკავებს - ეს არის ღვინის მოხმარების კულტურის აღიარება როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლი. ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა და დასაფასებელია. მთელმა დარგი მადლიერი უნდა ვიყოთ იმ ადამიანების ვინც ეს დღე დააფუძნა, თუნდაც მინისტრი.
სიმბოლურია, რომ ეს არის გაზაფხული, რადგან ღვინო ტრადიციული მეთოდით იბადება გაზაფხულზე, როდესაც ქვევრს მოვხდით (სახურავს)", - აცხადებს ლევან მეხუზლა.
ცნობისთვის, ქართული ღვინის კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, 8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ დაწესდა. ახალი თარიღი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის - ქართული ღვინის მნიშვნელობის წარმოჩენასა და მის საერთაშორისო პოპულარიზაციას ემსახურება.