logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"სწორად გაშენებული ვენახი 10-15 წელში მოგვცემს იმ შედეგს, რასაც უნიკალური და კონკურენტუნარიანი ღვინო ჰქვია" - ლევან მეხუზლა

სწორად გაშენებული ვენახი 10-15 წელიწადში მოგვცემს იმ შედეგს, რასაც უნიკალური და კონკურენტუნარიანი ღვინო ჰქვია, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ კონკურენცია ბორდოს და ბურგუნდიის ღვინოებს გაუწიოს. 

"თუ ჩვენს ოპონენტებს ჰკითხავთ დღეს ამ დარგში სად არის პრობლემა?! გეტყვიან, რომ ეს არის ვენახი. დადგა ის დრო, როდესაც მთლიანად უნდა შემოვიტანოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და საუკეთესო პრაქტიკა, რაც ჩვენს კონკურენტ ქვეყნებს აქვთ. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ საქართველო არა მხოლოდ ხარისხიანი, არამედ უნიკალური ღვინოების მწარმოებელი ქვეყანაა, რაც ტერუარებთან (ბუნებრივი ფაქტორების უნიკალური შერწყმა, რომლებიც გავლენას ახდენს ყურძნისა და, შესაბამისად, ღვინის გემოსა და ხარისხზე. ცნება “ტერუარი” თავის თავში მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა: ნიადაგი, ჰავა, სიმაღლე ზღვის დონიდან, მზის სინათლის რაოდენობა, ვენახის მოვლის მეთოდებიც კი) არის დაკავშირებული, ხოლო ტერუარის ქვაკუთხედი არის სწორ ადგილას სწორი ჯიშებით გაშენებული ვენახი.

ჩვენ რისკენაც ვისწრაფვით - ეს არის პრემიალური ღვინო. ის, რომ ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე ფართოდ ვართ ვართ წარმოდგენილი ამისთვის სანედლეულო ბაზა არის, იქნება და არსად არ წავა. ანუ, ის ელემენტარული პროდუქტი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია და კარგ ყოველდღიურ მოგებას აძლევს ჩვენს დარგს, რა თქმა უნდა, ისევ იარსებებს. სწორედ ეს იყო სპონტანური და უკონტროლო გაშენების შედეგი, როდესაც არის ამგვარი ღვინოები, რომელიც თავის ნიშაში და სეგმენტში არის ის ხარისხი, რაც არის საჭირო. თუმცა ამას გარდა, არის ისეთი ღვინოები როგორიც არის ბორდოს, ბურგუნდიის და ა.შ., რომელთან კონკურენციის პრეტენზია გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ გავუწიოთ კონკურენცია. აქ კონკურენცია მიდის სწორედ ვენახით და ადგილით. 

ჩვენ ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ მთლიანი სურათი და არა მხოლოდ ის, რაც საქართველოში ხდება, არამედ ის, თუ რა ხდება მსოფლიო ბაზარზე და რამდენად მძაფრია კონკურენცია ამ დარგში. მით უმეტეს, რომ ვენახების გაშენების შეთანხმების დაწყება რეალურ შედეგს მოიტანს არა მყისიერად, არამედ 5-10 წლის შემდეგ", - აცხადებს ლევან მეხუზლა.

ცნობისთვის, „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები. ყველა იმ პირმა, რომელმაც მიმდინარე წლის 1 მაისამდე გააშენა ვენახი და ამ დრომდე არ აქვს რეგისტრირებული ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში, 2026 წლის 1 მაისამდე  შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა მიმართოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლებ და ვენახი ოფიციალურად დაარეგისტრიროს.

კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1 მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.

გამოგვყევით