გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, რაჭასა და შიდა ქართლში 14 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
ხულოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მარტვილის, ონისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, ასევე დაბა სურამის მიმდებარედ, მოქალაქეები ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხე-ტყის ტრანსპორტირებას წესების დარღვევით ახდენდნენ.
ჯამში, ამოღებული და დალუქულია სხვადასხვა სახეობის 75 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), 39 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 6 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე მერქანი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. შედეგად, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 58 ფაქტია გამოვლენილი.