წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალს მეღვინეობის ქალაქი უცვლელ ადგილას, ქ. გურჯაანში, ახტალას პარკში 3 ოქტომბერს უმასპინძლებს. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავს და 10-წლიან ისტორიას ათასობით სტუმართან, მეღვინესთან და ქართული ღვინის გულშემატკივრებთან ერთად იზეიმებს.
ფესტივალზე სხვადასხვა გემოსა თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებულ ღვინი მწარმოებლებს შეხვდებით. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნება სასიამოვნო მუსიკის ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესოდ გაატაროს დრო.
საიუბილეო წელს, ფესტივალის გზავნილი „თანამედროვე მემკვიდრეობაა“, რომელიც 8000-წლიან ქართულ მეღვინეობასა და თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამს ხაზს. სწორედ ამ მემკვიდრეობის ნაწილია ქართული ღვინო, სტუმარ-მასპინძლობის კულტურა, მრავალხმიანობა და ის ისტორიები, რაც ყოველწლიურად მეღვინეობის ქალაქში იქმნება.
„ათი წლის წინ ყველაფერი დიდი ენთუზიაზმით დაიწყო. დღეს, გურჯაანის ღვინის ფესტივალი ტრადიციად ქცეული, ღვინის მოყვარულებისთვის ყოველწლიური ზეიმია, რომელიც ადამიანებს აერთიანებს, აკავშირებს და ახალ ისტორიებს ქმნის. გურჯაანის ღვინის ფესტივალის გუნდი ამ ემოციებს წლიდან წლამდე ვაგროვებთ და განახლებული შემართებით ვემზადებით თითოეულ სტუმართან შესახვედრად, რომელთა დიდი ნაწილიც უკვე ძალიან ნაცნობი და ახლობელია, – აღნიშნავენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში.
გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა.