logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ლევან მეხუზლა: კერძო სექტორში ჩაბარებული ყურძენი იქნება მაღალი ხარისხის და მეღვინეები მაღალხარისხიან ღვინოს დაამზადებენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყურძნის ჩაბარებისას, პროდუქტის  ფასის დიფერენცირებამ  რთველზე დადებითი გავლენა მოახდინა. როგორც ლევან მეხუზლამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, მევენახეები ცდილობენ, ყურძნის ხარისხობრივი მაჩვენებელი ჩაბარების პერიოდში იყოს კარგი.

„ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ორ სხვადასხვა ფასად იბარებს ყურძენს, კერძოდ,  ერთი ფასია  ჯანსაღი და მეორეა ნასეტყვი, უკონდიციო ყურძნისთვის, ბუნებრივია  დადებით გავლენას ახდენს რთველზე. მაგალითად, საფერავის შემთხვევაში, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თუნდაც 50 თეთრიანი სხვაობა, ცდილობს, დაამწიფოს ყურძენი და ჩაბარებისას უფრო მეტი სარგებელი ნახოს,"-აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მისივე განმარტებით, წელს შეცვალა სახელმწიფოს მიერ რთველში ჩარევის სქემა და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი სუბსიდირება აღარ მოქმედებს, სახელმწიფო საწარმოს უჭირავს მინიმალური ფასი და ამის ქვემოთ არ ხდება ყურძნის  რეალიზაცია.

„სახელმწიფო საწარმო უკვე წლებია ოპერირებს და  დაზიანებულ, დაავადებულ, ნასეტყვ ყურძენს იბარებს.  im შემთხვევაში თუ კერძო სექტორი არ არის დაინტერესებული ყურძნის შეძენით, ის არ უნდა დარჩეს ჩაუბარებელი, ამ ყველაფრის უკან დგას სოციალური პასუხისმგებლობა, ეს გათვლილია პირველ რიგში  მევენახეებზე და არა ქარხნებზე,  რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მინიმალური დანახარჯები მაინც აუნაზღაურდეთ მევენახეებს, რომ მომავალი წლისთვისაც შექმნან გარკვეული პროდუქტი. სწორედ იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ საშიშროება მუდმივი სუბსიდირებით ყურძნის ხარისხის გაუარესების,  განვსაზღვრეთ ორი ფასი, საფერავის შემთხვევაში ხარისხიან და უხარისხო ყურძენს შორის  განსხვავება არის 50 თეთრი, ეს არის სწორედ იმისთვის, რომ მევენახეს უღირდეს მეტი შრომა  ჩადოს. ჩვენ რთველის დასრულების შემდეგ მონაცემებს უკეთ შევისწავლით და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ ხარისხზე,"-აღნიშნა ლევან მეხუზლამ. 

მისივე განმარტებით, ის ყურძენი, რომელიც სახელმწიფო საწარმოს მიერ გადამუშავდება, მთლიანად მიდის სასპირტედ, ხოლო ის ყურძენი, რომელიც ჩაბარდება  კერძო სექტორში, ფასთა სხვაობის გამო,  იქნება მაღალი ხარისხის და მისგან მეღვინეები მაღალხარისხიან ღვინოს დაამზადებენ. 

ამასთან როგორც ლევან მეხუზლამ აღნიშნა, წელს რთველი ნელი ტემპით დაიწყო, გარკვეული კორექტივები  ამინდმა შეიტანა. 

"ერთკვირიანი მზიანი ამინდის შემდეგ, კახეთში უხვი ნალექი მოვიდა, მათ შორის თელავსა და ახმეტაში, მცირე ფართობებზე იყო სეტყვაც. ჩვენ გვაქვს ვალდებულება,  რომ  გადავამუშავოთ მათ შორის ნასეტყვი ყურძენიც, შესაბამისად, მყისიერი რეაგირება მოგვიწია. დედოფლისწყაროში და სიღნაღში დაწყებულმა რთველმა უეცრად გადაინაცვლა თელავი-  ახმეტის მიმართულებით, სადაც ჯერ ადრეა სიმწიფეზე საუბარი,"-აღნიშნა ლევან მეხუზლამ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბი ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.

ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.

გამოგვყევით