logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"მიკრომწვანილის ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციაა, მეწარმეების უმეტესობა ახალბედაა" - მიკროგრინი

ვერტიკალურ სათბურში მიკრომწვანილის მწარმოებელი კომპანია ,,მიკროგრინი“ ბაზარზე არსებულ არაჯანსაღ კონკურენციაზე საუბრობს. კომპანიის წარმომადგენელი მამუკა ძამიაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი ახალბედა ფერმერი გამოჩნდა, რომელმაც მიკრომწვანილის წარმოება დაიწყო, რამაც თავისებურად გადააწყო ბაზარი და კონკურენციის კუთხით არასასურველი სიტუაცია შექმნა.

,,ბაზარზე ერთბაშად გაჩნდა დიდი კონკურენცია. ბევრი ახალბედა ფერმერია, რომელმაც ამ საქმეს მიჰყო ხელი ისე, რომ არანაირი გამოცდილება არ აქვს. ფაქტობრივად, პოზიციის გასამყარებლად გვიწევს ბრძოლა, რის გამოც სამომავლო გეგმა შევცვალეთ, არასტაბილურობის განცდაა და რაიმე ახალი პროექტის განხორციელებისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. ფაქტობრივად, ჭიდილში ვართ, რომ ბაზარზე ნიშა შევინარჩუნოთ“, - აცხადებს მამუკა ძამიაშვილი და მიკრომწვანილის სპეციფიკასა და მის მნიშვნელობასაც განმარტავს.

,,მიკროგრინის“ წარმომადგენლის თქმით, მიკრომწვანილი ჩვეულებრივი ბოსტნეულის მცირე ვერსიაა, რომელიც  დათესვიდან 1-3 კვირაში იკრიფება და მწვანილის მსგავსი ფორმა აქვს.

,,ახალგაზრდა ასაკი მიკრომწვანილს სასარგებლო თვისებებით გამოარჩევს. წითელი კომბოსტოს ვერსია რომ ავიღოთ, 4-ჯერ უფრო მეტია მისი სასიცოცხლო ნუტრიენტი, ვიდრე მისი ზრდასრული ვერსიაა. პირველები ვიყავით, ვინც მსგავსი პროდუქტი შესთავაზა ბაზარს, საქართველოში ჯერ კიდევ ინოვაციურია, მაგრამ  დასავლეთის ქვეყნებში კარგად იცნობენ და ძალიან პოპულარულია. სათბურში ათზე მეტი ჯიშის ბოსტნეული მოგვყავს, ყველა მათგანი განსხვავებული გემოთი და სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. პანდემიამდე რეგიონის ქვეყნებში გავდიოდით ექსპორტზე, შემდეგ გარკვეული პრობლემა გაჩნდა და ახლა ძირითადად პოზიციების გასამყარებლად გვიწევს ბრძოლა ადგილობრივ ბაზარზე“, - აღნიშნა მამუკა ძამიაშვილმა.

საცალო ქსელებში 40 გრამიან შეფუთვაში მიკრომწვანილის ფასი ₾ 4,65 -ს შეადგენს.

ცნობისთვის, ვერტიკალური სათბური შპს ,,მიკროგრინი“ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარეობს. სათბური  2017 წელს აშენდა და 200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 80 000-ია. კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული.

გამოგვყევით