ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო.
ქართველი მეღვინეები „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი 6 დოლარის ფარგლებშია. შესაბამისად, ამერიკა ქართული ღვინისთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და ამ ბაზარზე პროდუქტის გატანას სულ უფრო მეტი მეღვინე ცდილობს.
ბიზნესსექტორში ამბობენ, რომ მიუხედავად ამერიკულ ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციისა, ქართულ ღვინოს თავისი ინდივიდუალიზმით შეუძლია ადგილის დამკვიდრება.
„ჩემი აზრით, ამერიკა ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია არა მხოლოდ ქართული ღვინისთვის, არამედ ზოგადად. თუკი ვინმე აწარმოებს მსოფლიოში ღვინოს, რეალურად, პირველი და საოცნებო ბაზარი არის ამერიკის ბაზარი, რომელიც ამავდროულად, ძალიან განებივრებულია, აქ დიდი არჩევანი და ძალიან მაღალი კონკურენციაა. ჩვენ იქ ძალიან ძლიერები ვართ ბუნებრივი ღვინის ნიშაში, რაც მნიშვნელოვანია. უნდა ითქვას, რომ ბუნებრივი ღვინის ნიშაში საქართველო ერთ-ერთი დამფუძნებელი მამაა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ამ ერთ ნიშაში, არამედ, ზოგადად, კატეგორია ქართულმა ღვინომ იპოვოს თავისი ადგილი, პირველ რიგში, HoReCa სექტორში, სადაც ღვინის ბარათებში საქართველო უნდა გაჩნდეს როგორც ცალკე სტრიქონი“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ შალვა ხეცურიანმა, სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციების დასადგენად, მიმდინარე წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, აშშ-ში სამომხმარებლო ბაზრის კვლევაც ჩატარდა და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, აქ მომხმარებელზე ორიენტირებული სარეკლამო კამპანიაც დაიგეგმა. ჯამში, 2024 წელს სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის აქტივობებს 16 მილიონი ლარი მოხმარდება, რაც მოიცავს ქართველი მეღვინეების მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებსა და დეგუსტაციებზე.
რაც შეეხება მიმდინარე რთველს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ, 300 ათას ტონას შეადგენს, მაშინ როდესაც გასულ წელს - ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 221 ათას ტონამდე ყურძენი. უკეთესი მოსავლის აღების მოლოდინი აქვთ თავად მევენახეებსა და ღვინის კომპანიებსაც. ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის, რაჭაში გადამუშავებულია 1500 ტონა ყურძენი, ხოლო - კახეთში 260 ათას ტონამდე. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი კი 386 მილიონი ლარია.
შეგახსენებთ, 2023 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში 259 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3%-ით აღემატებოდა.