ქართული მოცვის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 40%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ განუცხადა.
მისი თქმით, წელს საქართველოდან საერთაშორისო ბაზრებზე 4500 ტონამდე ლურჯი მოცვი გავიდა ექსპორტზე. საექსპორტო ბაზრებს შორის მოხვდა ევროკავშირის ქვეყნებიც.
„წელს ქვეყანამ, ჯამურად, 4500 ტონამდე ლურჯი მოცვის ექსპორტი განახორციელა. აქედან, ევროკავშირის ქვეყნებში 500 ტონა გავიდა, ფერმერებმა კი 26 მილიონ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღეს. ჯამში, 40%-იანი ზრდაა როგორც მოსავლიანობის, ისე შემოსავლების ნაწილში, ვინაიდან, გასულ წელს ექსპორტირებული ლურჯი მოცვის მოცულობა 3000 ტონას შეადგენდა, მიღებული შემოსავალი კი 15 მილიონ დოლარს“, - განმარტა დავით წითლიძემ.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ლურჯი მოცვის ინდუსტრიის, როგორც სტრატეგიული დარგის განვითარება გრძელდება, ვინაიდან, მოცვი მაღალბიუჯეტური პროდუქტია და ამ კულტურას ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.
ლურჯი მოცვის, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტის მნიშვნელობაზე საუბრობენ ექსპორტის განვითარების ასოციაციაშიც და ამბობენ, რომ ქართულ მოცვს, აქვს რესურსი ეტაპობრივად, კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდოს.
დარგის ექსპერტები მოცვის წარმოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც ამახვილებენ ყურადღებას.
ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრი გვანცა მელაძე ამბობს, რომ საქართველოში ლურჯი მოცვის კულტურა სულ რამდენიმე წელია, რაც ინტენსიურად შენდება, შესაბამისად, ეს არის სრულიად ახალი, არატრადიციული კულტურა, რომლის მოყვანაც ქართველმა ფერმერებმა დაიწყეს და ბუნებრივია, ამ პროცესს თან ახლავს გარკვეული დაბრკოლებები.
მათ შორის სახელდება აგრონომიული ცოდნის დეფიციტი. ფერმერების ნაწილმა არ იცის, თუ როგორ მოუაროს სწორად მოცვის ბაღებს. გარდა წარმოების პროცესისა, გამოწვევებია ექსპორტის ნაწილშიც, კერძოდ - სამაცივრე მეურნეობების არასაკმარისი რაოდენობა, რაც ცივი ჯაჭვის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია.
„ბაზრების დივერსიფიცირებისთვის და იმისთვის, რომ ქართული მოცვი მხოლოდ რუსულ ბაზარზე არ იყიდებოდეს, აუცილებელია სამაცივრე მეურნეობების დამატებით მოწყობა, რადგან, მოცვი მალფუჭებადი პროდუქტია. გამოწვევას წარმოადგენს ისიც რომ, ამ დრომდე, საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს საქართველოდან მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება. მაგალითად, ქუთაისის აეროპორტს კარგო, ანუ სატვირთო გადაზიდვების ტერმინალი არ აქვს. შესაბამისად, პროდუქტი დასავლეთიდან მოდის თბილისში, ტრანსპორტირებისას ხარისხი ვერ ნარჩუნდება, გვაქვს ხშირი შემთხვევები, როცა ადგილზე ჩასული პროდუქცია ან უკან ბრუნდება, ან არ იღებს მყიდველი“, - განმარტა გვანცა მელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ამჟამად ლურჯი მოცვის ბაღები 3000 ჰექტარამდე ტერიტორიაზეა გაშენებული. რაც შეეხება რეგიონებს, სადაც მოცვის მოსაყვანად ხელსაყრელი ნიადაგი და კლიმატური პირობებია, ესენია - სამეგრელო, გურია, იმერეთი და აჭარა.