ქართული თხილის მიმართ ინტერესი ახალი საექსპორტო ბაზრებიდანაც იზრდება. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა აცხადებს, ამ კუთხით, წელს განსაკუთრებით გააქტიურებული იყო ესპანეთი და ისრაელი. ასევე რამდენიმე აზიური სახელმწიფო.
ჭითანავას შეფასებით, თხილი საქართველოდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიული საექსპორტო პროდუქტია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქვეყანაში წარმოებული თხილის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ბაზარზე იყიდება, კერძოდ - იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში. გასულ წელს, ქართული თხილი ექსპორტზე გავიდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ასევე ისრაელშიც.
ბოლო მონაცემებით, რომელიც 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 3 მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, საქართველოდან 13,7 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ექსპორტირებული თხილის ღირებულება 84 მილიონ დოლარს აღემატება. თხილის საშუალო საექსპორტო ფასი კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ერთ კილოგრამზე 16%-ით გაიზარდა და 6 დოლარს გადააჭარბა.
მერაბ ჭითანავა ამბობს, რომ ექსპორტის შემდგომი ზრდა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოსავალს მიიღებს ქვეყანა წელს. როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, თუ ფერმერები თხილის ბაღებს სწორად მოუვლიან და კლიმატური პირობებიც სექტორს ხელს შეუწყობს, წელს ქვეყანა მოსავლის სახით 45 ათას ტონამდე, ან კიდევ უფრო მეტ თხილს მიიღებს.
„თუმცა, ცხადია, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან თხილის მოსავლის რაოდენობა და თხილის ხარისხიც, უმეტესად დამოკიდებულია ამინდზე და ამაზე მიუთითებს გასული წლების გამოცდილებაც. მეთხილე ფერმერები წინა საგაზაფხულო სამზადისში სწორედ ახლა შედიან და რამდენიმე თვეში გამოიკვეთება საპროგნოზო მოსავლის მოცულობაც“, - განმარტა მერაბ ჭითანავამ.
მისი თქმით, კლიმატური პირობების გარდა, გამოწვევად რჩება ფაროსანასთან და სხვა პარაზიტებთან ბრძოლა, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ხშირი ნალექის გამო, 2022 და 2023 წლებში საქართველოში თხილის მოსავალი საკმაოდ შემცირებული იყო. 2021 წელთან შედარებით, როცა ქვეყანაში 55 ათასი ტონა თხილი მოვიდა, მოსავლიანობა 2022 წელს 40 ათას ტონამდე დაეცა. ამავე რაოდენობის მოსავალი მიიღო ქვეყანამ 2023 წელსაც. მეთხილე ფერმერების შეფასებით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, უკეთესი წელი აღმოჩნდა 2024 წელი და მოსავლიანობა 45 ათას ტონამდე გაიზარდა. დარგში, წელსაც სწორედ ამ შედეგის გამეორების და გაუმჯობესების იმედი აქვთ.