გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში, სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში, მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიება - „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“ გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიების მიზანი საერთაშორისო აუდიტორიისთვის ქართული ხორბლის ისტორიის, უნიკალური გენეტიკური მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების გაცნობა, აგრეთვე ტრადიციული ცოდნისა და თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება იყო.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, FAO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ მაურიციო მარტინამ, კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCROM) გენერალურმა დირექტორმა არუნა ფრანჩესკა მარია გუჯრალიმ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ ნათია შამათავამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, FAO-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამუნა
ლილუაშვილმა.
„რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათაო ოფისში, გაიმართა ღონისძიება - „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის სტუმრები და გვქონდა შესაძლებლობა მათთვის გაგვეცნო ქართული ხორბლის 8000 წლიანი ისტორია და ქართული პურის ცხობის უძველესი ტრადიცია, რომელიც იუნესკოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსით არის აღიარებული“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები ქართული ხორბლის კულტურის, ტრადიციებისა და რიტუალების, ქვეყნის გენეტიკური რესურსების, სელექციისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის შესახებ. საუბარი შეეხო ასევე კლიმატის ცვლილების პირობებში ხორბლის წარმოების ადაპტაციასა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ხორბლის სხვადასხვა ჯიშისგან გამომცხვარი პური დაეგემოვნებინათ და გაცნობოდნენ იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოებს.
საქართველო ხორბლის წარმოშობისა და გენეტიკური მრავალფეროვნების ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. ქვეყანაში ხორბლის 14 სახეობაა გავრცელებული, მათ შორის 5 ენდემური სახეობა. ქართული ხორბლის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციები და რიტუალები 2025 წელს იუნესკოს (UNESCO) კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა.