logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

საქართველოში ხორბლის იმპორტი გაიზარდა - რა ღირს დღეს 1 ტონა შემოტანილი ხორბალი

„წლევანდელი წელი გამოირჩევა იმით, რომ მსოფლიოში, მეორე რეკორდული წელია, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყველა მარცვლეულის ჯამური მონაცემებით. მათ შორის, ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო ხორბლის მოსავლის კუთხით“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ გენერალურმა დირექტორმა ქეთევან კუბლაშვილმა  განუცხადა.

მისი თქმით, მაღალი მოსავლიანობიდან გამომდინარე, გლობალურ ფონზე მარაგების კუთხით დაძაბულობა არ შეინიშნება.

„თუმცა, არის რიგი პოლიტიკური თემებისა, რომლებიც სამწუხაროდ, წელს ამ ბაზარს საკმაოდ ცეცხლოვანს ხდის.  მოგეხსენებათ რამდენი კონფლიქტია:  რუსეთ-უკრაინის ომი, საომარი მოქმედებები  ახლო აღმოსავლეთში. ეს ფასების ვოლატილურობას საკმაოდ მაღლა სწევს, თუმცა, თავად ხორბლის დეფიციტი მსოფლიოში, ამჟამად, არ არსებობს“,- აღნიშნავს ქეთევან კუბლაშვილი.

შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ გენერალური დირექტორი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რის გამოც, ოქტომბრის თვეში, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ღირებულებამ  13,8%-ით მოიმატა.

„ეს ამბავი, ძირითადად,  ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო მიბმული. მე კი არ მინდა პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, თუმცა ტრამპის მოსვლას უკავშირებენ ფასების ზრდას. ძალიან დიდი განხილვები მიმდინარეობს იმაზე,  თუ რას მოიმოქმედებს აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჩინეთთან მიმართებით. ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ამერიკიდან და ამიტომაც, კონკრეტულად ჩიკაგოს ბირჟის ფასები მიბმულია ამერიკაში არსებულ ვითარებაზე“, - აღნიშნავს  შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ გენერალური დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, უკვე გააკეთა დონალდ ტრამპმა განცხადება, რომ აპირებს გააგრძელოს სავაჭრო ომი ჩინეთთან. „ეს რაღაცნაირად გახდა იმის საფუძველი, რომ ფასებმა დაიწყო ზრდა. თან, პლუს დოლარი მყარდება მსოფლიოში ყველა ვალუტასთან მიმართებით“, - განმარტა ქეთევან კუბლაშვილმა.

ოქტომბრის თვისგან განსხვავებით, ამჟამად, ხორბლის ფასების დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება და დღეისათვის, ბუშელი ხორბლის ფასი 5-დან 6 დოლარის ფარგლებშია.

რაც შეეხება საქართველოს, დარგის ექსპერტების თქმით, საქართველოც გლობალური ბაზრების ნაწილია, შესაბამისად, იქ მიმდინარე მოვლენები მასზე გავლენას ახდენს, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ქვეყანას გააჩნია ხორბლის მარაგები და ჯერჯერობით, ადგილობრივ ბაზარზე ხორბლის ფასები სტაბილურ ნიშნულზე ნარჩუნდება. 

ქეთევან კუბლაშვილის ინფორმაციით, საქართველოში დღეს 1 ტონა შემოტანილი ხორბალი ფოთში, განუბაჟებელი, დღგ-ს გარეშე, დაახლოებით, 230-240 დოლარი ღირს. მისივე განმარტებით, აქ საუბარია საწისქვილე, სასურსათო ხორბალზე და არა საფურაჟეზე.

როგორც იცით, საქართველო 80%-ით ხორბლის იმპორტზეა დამოკიდებული ქვეყანაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ქვეყანაში 57 მილიონ 673 ათასი დოლარის ღირებულების 222 ათასზე მეტი ტონა ხორბალი შემოვიდა. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში კი - რუსეთი, თურქეთი და უკრაინა ლიდერობდნენ. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2024 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, საქართველოში ხორბლის იმპორტი გაზრდილია. ამ პერიოდში, ქვეყანაში 63 მილიონ დოლარამდე ღირებულების 270 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა.

გამოგვყევით