გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს.
პორტუგალიისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების
მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე, ფოთის სასამართლომ გემები სამართალდამრღვევად ცნო და თითოეულს 100-100 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცათ.
შავი ზღვის დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო წყლის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის, ასევე, უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, შავ ზღვაზე უწყვეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს. მიმდინარე წელს, კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკვე განხორციელდა 81 გემის ინსპექტირება. გამოვლენილია 15 სამართალდარღვევა. მათ შორის 6 გემიდან ზღვის დაბინძურების ფაქტია.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მცირდება გემების მხრიდან ზღვის ნავთობპროდუქტებით დაბინძურების ფაქტები, რაც, ერთი მხრივ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერებისა და შავი ზღვის კონვენციური სამმართველოს ეფექტიანი მუშაობის, მეორე მხრივ კი, გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია, რასაც შემაკავებელი ეფექტი აქვს.