საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროფესიული განვითარების პროგრამის - Capacity Development Programme (CDP) „Strengthening Global Connections through Public Sector Development“ ფარგლებში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების ახალგაზრდა საჯარო მოხელეები ეწვივნენ.
დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ უმასპინძლა და ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, აგრობიომრავალფეროვნების დაცვისა და გენეტიკური რესურსების კონსერვაციის მნიშვნელობა გააცნო. სტუმრებმა დაათვალიერეს ჯიღაურას ბაზაზე დაცული უნიკალური კოლექციები და გაეცნენ ცენტრის მიერ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცესაც ესტუმრნენ. მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ნიკოლოზ კირვალიძემ მათ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის, ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებისა და ქვევრის ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაცია გააცნო. სტუმრები ასევე გაეცნენ ქართული მეღვინეობის იმ ტრადიციებს, რომლებიც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ვიზიტის დასასრულს გაიმართა იშვიათი და ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია. დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის გამორჩეულ გემოვნურ მახასიათებლებსა და ვაზის უნიკალურ ჯიშურ მრავალფეროვნებას.
ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების ახალგაზრდა საჯარო მოხელეები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საჯარო ინსტიტუციის საქმიანობას, ასევე საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ.