2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 11.7 ათასი ტონა თხილი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 117.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 171.4 ტონით გაიზარდა, ხოლო მიღებული შემოსავალი 48.8 მილიონი აშშ დოლარით (71%-ით).
სამინისტროს ინფორმაციით, 1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასმა 10.06 აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 69%-ით აღემატება.
ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა იტალია (3.7 ათასი ტონა), მას მოსდევს ესპანეთი (1.3 ათასი ტონა), გერმანია (786.3 ტონა) და საფრანგეთი (617.6 ტონა). ამასთან, ქართული თხილი აქტიურად გადის ექსპორტზე სირიაში, სომხეთში, საბერძნეთში, რუსეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში.