logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ფრანგულ Groupe ADP-თან გაფორმებული ხელშეკრულება ადასტურებს, რომ საქართველო მყარად განაგრძობს საავიაციო სექტორის სწორ განვითარებას"

"ფრანგულ Groupe ADP-თან გაფორმებული ხელშეკრულება ადასტურებს, რომ საქართველო მყარად განაგრძობს საავიაციო სექტორის სწორ განვითარებას"

1768492334

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის მასშტაბური ზრდის პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ TAV Georgia-სთან  შეთანხმება გააფორმა,  რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთავარი აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ფრანგული საავიაციო ჯგუფი GROUPE ADP  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარებისთვის 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო ოპერირების ვადა კი  2031 წლის ბოლომდე გახანრძლივდება. 

,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ავიაციისთვის. ხელი მოვაწერეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან შეთანხმებას ფრანგულ საავიაციო ჯგუფ Groupe ADP-თან, რომლის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აეროპორტის ინფრასტრუქტურასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხს. ინვესტიცია დასრულდება 2028 წლის ბოლომდე და მოიცავს ტერმინალის მასშტაბურ გაფართოებას, რის შედეგადაც აეროპორტის გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

დღევანდელი შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო მყარად განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას და საავიაციო სექტორის სწორ განვითარებას. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია თბილისის აეროპორტის რეგიონულ ავიაციურ ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის მასშტაბური გაფართოება, რის შედეგადაც მისი საერთო მოცულობა დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება. პროექტი მოიცავს როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონების განვითარებას, რაც აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას არსებული 5 მილიონი მგზავრიდან მინიმუმ 10 მილიონამდე გაზრდის. პარალელურად, თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 58-დან 65-მდე გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაფართოვდება აეროპორტის ბაქანი. 

ხელშეკრულების შესაბამისად, აეროპორტების გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას — დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული წლიური შემოსავალი სამჯერ გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, აეროპორტის მმართველი კომპანია უზრუნველყოფს ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის ახალი ავიამიმართულებების განვითარებისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვისთვის.

გამოგვყევით