2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 337.95 მლნ აშშ დოლარი (912.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 18.4%-ით (52.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
მარეგულირებლის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.3% იმ 29 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 29 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.1% მოდიოდა.
სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.18%-ს შეადგენს, შესაბამისი 152.69 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 18.59%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ესპანეთის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
2025 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მლნ აშშ დოლარი (110.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის დეკემბრის (34.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.5% მეტია.