logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ადრე, საქართველოში ელექტრომობილები იმიტომ არ ჩამოჰყავდათ, რომ ნაწილები არ იყო, ეს პრობლემა უკვე აღმოიფხვრა" - Carmark-ის დირექტორი

მსოფლიოში ელექტრომობილების რეალიზაცია წელსაც გაიზარდა. არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ელექტრომობილების გლობალურმა გაყიდვებმა 2025 წელს 20 მილიონ ერთეულს გადააჭარბა და მიმდინარე წელს, ექსპერტებს მოლოდინი აქვთ, რომ ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც ელექტრო ავტომობილების ეკონომიურობა განაპირობებს.

ელექტრო ავტომობილების გაყიდვები მზარდია საქართველოშიც და ამაზე სტატისტიკური მაჩვენებლებიც მიუთითებს. მაგალითისთვის, 2025 წლის 11 თვეში ქვეყანაში 7,308 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-ით მეტია. საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილის საშუალო ღირებულება კი 15 ათას დოლარს აღემატება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  Carmark-ის დირექტორმა ირაკლი კუხიანიძემ  განუცხადა, საქართველოში ელექტრომობილების გაყიდვების ზრდას ხელი იმ ფაქტმა შეუწყო, რომ ბაზარზე უკვე აღარ არის დეფიციტური ელექტრომობილების ნაწილები, შესაბამისად, გამოჩნდნენ სახელოსნოები, რომლებიც ამ მანქანების აღდგენას მარტივად ახერხებენ. ცხადია, რეალიზაციის ზრდისთვის დამატებითი სტიმული გახდა ელექტრომობილების დამტენების რაოდენობის ეტაპობრივი ზრდაც ,მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ბოლო 5 წელია, ყოველწლიურად იმატებს და იმატებს მოთხოვნილება ელექტრო მანქანებზე. შარშანდელი წელი, მით უმეტეს, კიდევ უფრო ზრდადი იყო. ადრე, საქართველოში ელექტრომობილები იმიტომ არ ჩამოჰყავდათ, რომ ნაწილები არ იყო. ბოლო პერიოდში, ეს პრობლემა აღმოიფხვრა. მაგალითად, TESLA რომ ავიღოთ, მასზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა და რატომ - ბაზარზე უკვე არის სახელოსნოები, რომლებიც უკვე ამ ავტომობილების აღდგენას ახდენენ, არის ნაწილებიც, რითაც შეიძლება ამ ავტომობილების აღდგენა. მეორადი გინდა, ახალი გინდა, ჩინური გინდა - უკვე ყველა ტიპის ნაწილებია ჩვენს ბაზარზე. აქედან გამომდინარე, როგორც ეკონომიურ ავტომობილზე - TESLA-ზე მოთხოვნა გაიზარდა, გაზრდილია ჩინური ელექტრო ავტომობილების რეალიზაციაც, რადგან საკმაოდ იაფი ღირს და დაახლოებით, 20 ათას დოლარად შეიძლება სულ ახალი ავტომობილი იყიდო, რომელსაც რესურსიც დიდი აქვს, გასავლელი მანძილი ერთი დამუხტვით 500-550 კილომეტრს აღწევს და ამის გამო, ჩინური ელექტრო ავტომობილები ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება“, - განმარტა ირაკლი კუხიანიძემ.

აღსანიშნავია, რომ ჩინურ ელექტრომობილებზე გაჩენილ მაღალ მოთხოვნასა და სექტორში შეცვლილ ტენდენციაზე საუბრობენ ამ დარგის საერთაშორისო ექსპერტებიც. სტატისტიკების მიხედვით, ილონ მასკის TESLA უკვე აღარ არის მსოფლიოში ელექტრომობილების ყველაზე მსხვილი გამყიდველი და მას 2025 წელს, ჩინურმა BYD-მა გადაუსწრო.

გამოგვყევით