ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტში (DISB) მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და ციფრულ ტრანსფორმაციას მიეძღვნა, სააგენტოს თავმჯდომარემ საერთაშორისო დელეგატებს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საქართველოს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.
ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტრატეგიულ ტრანფორმაციაზე ტრადიციული ეკონომიკური მოდელიდან ცოდნაზე დაფუძნებულ, მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკაზე.
"ბოლო წლებში შევქმენით ძლიერი სტარტაპ ეკოსისტემა, განვავითარეთ ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და შევქმენით კონკურენტული გარემო საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ჩვენი მიზანია საქართველო კიდევ უფრო აქტიურად დავამკვიდროთ, როგორც რეგიონული ინოვაციისა და ციფრული თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას", - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
გამოსვლაში სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა DO IT-ის პროგრამის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ გადამზადებული პროფესიონალები აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის ზრდაში.
ავთანდილ კასრაძემ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სააგენტოს მხარდამჭერ ინსტრუმენტებს, რომლებიც ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებისა და საკუთარი სერვისების/პროდუქტების დახვეწის შესაძლებლობას აძლევს.
"გვაქვს უნიკალური მხარდამჭერი მექანიზმი სტარტაპებისთვის და, ამ პროგრამის ფარგლებში ისინი საქმიანობის პირველი სამი წელიწადი სარგებლობენ ნულოვანი საგადასახადო განაკვეთით, რაც დამწყებ კომპანიებს საშუალებას აძლევს კონცენტრირდნენ ზრდასა და პროდუქტის განვითარებაზე”- განაცხადა GITA - ს თავმჯდომარემ.
ავთანდილ კასრაძემ ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისში რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის შესაძლებლობას ინოვაციისა და ციფრული მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით.
ავთანდილ კასრაძემ თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ ინოვაციური ეკოსისტემები ვერ განვითარდება იზოლაციაში და საერთაშორისო პარტნიორობა და გლობალურ ბაზრებზე წვდომა აუცილებელია. მისივე თქმით, მომდევნო წლის განმავლობაში საქართველოში იმუშავებს ოთხი წამყვანი საერთაშორისო აქსელერატორის პროგრამა, რომლებიც თითქმის 160 სტარტაპს დაუჭერს მხარს მსოფლიო დონის მენტორობით, ინვესტიციებზე წვდომითა და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობით.
“ტექნოლოგიური განვითარება დღეს მხოლოდ ეკონომიკური ზრდის საკითხი აღარ არის — ის პირდაპირ უკავშირდება ქვეყნების მდგრადობასა და უსაფრთხოებას. საქართველოსთვის ინოვაცია წარმოადგენს ეკონომიკური ტრანსფორმაციის მთავარ მამოძრავებელ ძალას, ჩვენი საზოგადოებების მდგრადობის, კონკურენტუნარიანობისა და მომავლის უსაფრთხოების ფორმირებას.” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
ბუქარესტის ციფრული ინოვაციების სამიტი რუმინეთის მთავრობისა და დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მაღალი პატრონაჟით პარლამენტის სასახლეში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ინოვაციების სფეროს ლიდერებს აერთიანებს. სამიტში მონაწილეობას ასევე იღებდა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი.