ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან, კერძოდ, მერის მოადგილეებთან და სამიზნე დასახლებების მერის წარმომადგენლებთან პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 14 წელს ზემოთ, სამიზნე დასახლებებში მცხოვრებ პირებს შეეძლებათ სრულიად უფასოდ, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში გადამზადდნენ. სემინარებზე მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.
სემინარები, ასევე, ითვალისწინებს სერტიფიკატს. ხონში პროგრამის სამიზნე დასახლებებია: ახალბედისეული, დედალაური, ძეძილეთი, გამოღმა ნოღა, ხიდი, ქვედა გორდი, საწულიკიძეო და ზედა გორდი. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართონ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 74 28 48.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია საქართველოს რეგიონებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში უკვე 7600-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.