logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ელექტროენერგიის გადასახადის დაწესებამდე, სასტუმროების გადახდისუნარიანობა უნდა შეფასდეს" - Chalet Mestia

ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის დაწესებამდე, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დაანგარიშდეს კერძო სექტორს რა მოგება აქვს და ტურისტის მიმღები სასტუმრო გადამხდელუნარიანი არის თუ არა, - ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო Chalet Mestia-ს მფლობელმა ივერი ჭელიძემ "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო Chalet Mestia მერის, კახა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომ "მესტიის განვითარება შეუძლებელი იქნება, თუ კომპანიებმა დენის გადასახადის ნაწილობრივ გადახდა მაინც არ დაიწყეს" ეთანხმება, თუმცა აღნიშნული საკითხი დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი.

"ელექტროენერგიის საკითხი ძალიან აქტუალურია. თავდაპირველად, როდესაც სვანეთის ტურისტული კუთხით განვითარება დაიწყო ე.წ. ბუმი იყო, ფასები და ასევე,  ტურისტის ხარისხი მაღალი იყო. პანდემიის შემდეგ ტურისტული ტენდენციები შეიცვალა როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად. პანდემიის შემდეგ სტუმარმასპინძლობის სფეროში ფასებმა საგრძნობლად დაიკლო, თუმცა მიუხედავად ამისა, სურსათისა და დისტრიბუციის ფასები გაიზარდა.

ადრე თუ ერთი ტურისტის მომსახურება 100-120 ლარი იყო, ახლა 1 ტურისტი 50-60 ლარია, რაც ძალიან დაბალი ფასია. ამ ფასზეა დამოკიდებული ბანკის ვალი, დღგ, booking-ის მომსახურება, ხელფასები, სასტუმროსთვის საჭირო ინვენტარი და ჰიგიენური საშუალებები. ამას თუ ელექტროენერგიის ღირებულება დაემატება,  ტურიზმის საკითხი მესტიაში აღარ განვითარდება და სასტუმროები დაიხურება.

შევარდნაძის პერიოდში მე თავად ვკურირებდი იმ საკითხს, რომ სვანეთი ელექტროენერგიის გადასახადიდან გათავისუფლებულიყო. შემდეგ, მომდევნო მთავრობას ტარიფების დაწესების და რეფორმის გატარების სურვილი ჰქონდათ, თუმცა მათაც ავუხსენით ჩვენი მდგომარეობა და გაგვიგეს.  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 12 წლის განმავლობაში, აღნიშნული საკითხი მწვავედ არ დაუსვამს და ძველებურად გრძელდება. დღეს როგორც ჩანს შესაძლოა, ეს საკითხი დაისვას, მაგრამ აუცილებელია ვიფიქროთ, რომ სვანეთში ტურიზმი არ ჩაიკეტოს.

ტურისტული სეზონი, დაახლოებით, ნახევარი წელია და შემოსავალი, თითქმის სრულად ხარჯებს მიაქვს. მე მხარს ვუჭერ მერის განცხადებას, მაგრამ  გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რა იქნება ტარიფის კოეფიციენტი. ყველაფერი ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, მათ შორის, გათბობა, რომელიც მიუხედავად იმისა, სასტუმროში დამსვენებელი არის თუ არა, ზამთრის სეზონზე მუდმივად ჩართული უნდა იყოს. როგორღაც გაზი უნდა შემოვიდეს და შემდეგ ამდენი ხარჯი აღარ იქნება", - აცხადებს ივერი ჭელიძე.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა ტენდენციები ტურისტულ ნაკადებთან მიმართებაში. კერძოდ, ადრე თუ დამსვენებლები ევროპიდან იყვნენ, ახლა აზიიდან - მათ შორის, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და არაბული ქვეყნებიდან არიან. აღნიშნული კი უფრო დაბალგადამხდელუნარიანი ტურისტია. 

"ბოლო პერიოდში დაბალგადამხდელუნარიანი ტურისტების რიცხვი იზრდება. ისინი სარესტორნო მომსახურებასაც იშვიათად იღებენ. პროდუქციას მარკეტებში ყიდულობენ და სასტუმრო ნომრებში იკვებებიან", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, სვანეთის რეგიონის მცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. ქვეყნის სხვა მაღალმთიან დასახლებებში მთავრობა სამომხმარებლო ტარიფის 50%-იან სუბსიდირებას ახდენს, ზემო სვანეთში კი მოსახლეობა დენის ტარიფის გადახდისგან გათავისუფლებულია.

მესტიის მერის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, კი საჭიროა კომპანიებმა ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ნაწილობრივ მაინც დაიწყონ, რადგან მომავალში განვითარება შეუძლებელი იქნება.

გამოგვყევით