ვფიქრობ, რომ 5-10 წელში ქართულ ბაზარზე ბევრად უფრო მეტი იაპონური კომპანია იქნება შემოსული. განსაკუთრებით, სერვისების, ლოგისტიკის, ენერგეტიკის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოს დიდი პერსპექტივა აქვს IT მიმართულებითაც, რადგან ძალიან კარგი გარემოა ასეთი ბიზნესის საწარმოებლად.
„ვფიქრობ, მომავალში უკვე გარკვეული საზოგადოება შეიქმნება და ინტერაქცია გახშირდება. ახლა იაპონური კომპანიების პატარა სოფელია საქართველოში. ვფიქრობ, რომ ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორის გარდა, IT მიმართულებითაც შემოვლენ იაპონური კომპანიები“, - აცხადებს თეიმურაზ ლეჟავა.
გარდა ამისა, ელჩის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განსავითრაებლად მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაზედაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„იაპონიასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, ბევრი სიახლე არ არის, თუმცა ჩვენ აღნიშნულზე იაპონურ მხარესთან მუდმივად ვსაუბრობთ. ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება ჯერჯერობით არ მომხდარა, თუმცა გვინდა, რომ მივაღწიოთ ამას. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ქართული კომპანიაა დაინტერესებული იაპონურ ბაზარზე შემოსვლით და მნიშვნელოვანია, რომ იაპონური ბაზარი თავისუფალი ვაჭრობით გაიხსნას. როგორც უკვე აღვნიშნე, ამაზე აქტურად ვმუშაობთ. ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ რაღაც კარგი სიახლე გვქონდეს. მითუმეტეს ვიცით ამერიკის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ, რომელსაც „ტარიფების ომს“ ეძახიან და შესაბამისად, აქ ჩნდება შესაძლებლობები და ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ ჩვენ ამ კუთხით რაიმე კარგი სიახლე გვქონდეს“, - აცხადებს ელჩი.
თეიმურაზ ლეჟავას თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის თანამშრომლობისთვის, ავიამიმოსვლის საკითხია.
„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იაპონელ პოლიტიკოსებთან ამ თემაზე. მაღალი ინტერესია. მითუმეტეს იაპონიაში ახლა ტარდება გამოფენა „მსოფლიო ექსპო“ და დაინტერესებულები არიან ახალი მიმართულებებით. როგორც ვთქვი, ვინაიდან ასე აქტუალური ხდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ამის ალბათობაც თანდათან მატულობს და ინტერესი მეტი და მეტია. ჩვენ აღნიშნულზე მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ და იმედი გვაქვს, რომ სიახლე ამ მიმართულებითაც გვექნება“, - აცხადებს ელჩი.
იაპონიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მიღწევებსა და პერსპექტივებზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავასთან სრული ინტერვიუ იხილეთ აქ.