მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური (ენერგოომბუდსმენი) განცხადებას ავრცელებს.
"მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 19 ნოემბერს, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა შემთხვევის დღესვე გამოითხოვა ინფორმაცია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიისგან და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო საკითხის შესწავლა.
კომპანიისგან მიღებული პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ფიქსირდებოდა. ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ არსებული მონაცემებიც მიუთითებს, რომ ბინა, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებოდა.ამავე ინფორმაციით, ბინაში დამონტაჟებული იყო ბუნებრივი გაზის ორი დანადგარი — ცენტრალური გათბობის მოწყობილობა და გაზქურა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა.მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური აგრძელებს საკითხის შესწავლასა და შესაბამისი გარემოებების შეფასებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში,"-ნათქვამია ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.