სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს, სვეტლა იანჩევას შეხვდა.
მხარეებმა უწყებებს შორის ინსტიტუციური კავშირების გაძლიერების, გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებისა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების საკითხს, რომელიც საფუძველს შეუქმნის უწყებებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოსა და ბულგარეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა იყო. მხარეებმა იმსჯელეს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმების დაახლოების, სასაზღვრო კონტროლის პროცედურების გამარტივებისა და სავაჭრო ტვირთბრუნვის ზრდის შესაძლებლობებზე.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან არა მხოლოდ თანამშრომლობის გაფართოება, არამედ მჭიდრო, გრძელვადიანი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული ურთიერთობების ჩამოყალიბება. ბულგარელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, საკანონმდებლო დაახლოება, სახელმწიფო კონტროლის სისტემების განვითარება და პროფესიული გამოცდილების გაზიარება. საქართველოსა და ბულგარეთს შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობების ფონზე, ჩვენი უწყებების კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთში ზურაბ ხამაშურიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაციის წევრები, ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და სასაზღვრო კონტროლის პუნქტების წარმომადგენლები. ელჩმა ხაზი გაუსვა როგორც უწყებებს შორის თანამშრომლობის, ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ სპეციალურად მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო სოფიაში გამართულ მე-5 რეგიონულ კონფერენციაში — „ერთიანი ჯანმრთელობა“. სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ დოლაბერიძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სახელმწიფოებსა და სხვადასხვა სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დელეგაციის წევრები ასევე გაეცნენ ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული დიაგნოსტიკური სამეცნიერო-კვლევითი ვეტერინარული ინსტიტუტის, ქიმიური კვლევებისა და კონტროლის ცენტრალური ლაბორატორიისა და მცენარეთა დაცვის ცენტრალური ლაბორატორიის საქმიანობასა და თანამედროვე კვლევით-დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს.