logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ზამთარში დატვირთულობა 80%  იყო, რასაც ზაფხულშიც შევინარჩუნებთ"  -  ვილა პალასი

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო ‘’ვილა პალასის“  მენეჯერი მაია მარუაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ზამთარში, სასტუმროს დატვირთულობა 80%-ს აღწევდა, რაც წინა სეზონისგან განსხვავებით, გაორმაგებული მაჩვენებელია. წლევანდელ სეზონზე მოთხოვნის ზრდის ფაქტორად კი ამინდს და  სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას მიიჩნევს.

როგორც მარუაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, 2023 წლის ზამთარში დატვირთულობა 40%-ს შეადგენდა. 

მისი ინფორმაციით,  შეიცვალა მომხმარებლის ქცევა და თუკი დიდი ტურისტული ჯგუფები ადრე ძირითადად ბაკურიანში რჩებოდნენ, უკვე ახალციხეში გაჩნდა  ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც ბაკურიანის სასტუმროებს გარკვეულ კონკურენციას უწევს.

ზამთრის ტურისტულ სეზონზე დადებითი ტენდენციის მიუხედავად,  გამოწვევად რჩება უცხოელი ტურისტების დეფიციტი. ‘’ვილა პალასის“ მენეჯერის ინფორმაციით,  სასტუმროში უცხოელი ვიზიტორების წილი წლევანდელ სეზონზე 1 %-ს ვერ აჭარბებს, როდესაც წინა წელს 5%-ს აღწევდა.

გარკვეული კლებაა მაღალმხარჯველი ტურისტების მხრიდანაც. ამის მიზეზად მარუაშვილი ზოგადად ბაზარზე შექმნილ სიტუაციას და ასევე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს მიიჩნევს.

,,საკმაოდ დიდი მოთხოვნაა,  ზამთრის სეზონის შედეგით კმაყოფილი ვართ, თუმცა არის გარკვეული მომენტები, რაც შეიძლება გამოწვევად ჩაითვალოს. მაღალბიუჯეტური სეგმენტი ფაქტობრივად არ არის, შესაბამისად, მომხმარებელი ითხოვდა დაბალ ფასს, რის გამოც  იძულებული გავხდით, ტარიფების კორექტირება მოგვეხდინა. სეზონის წინ  250-300 ლარამდე გვქონოდა ორადგილიანი ნომრები სამჯერადი კვებით, მაგრამ 200 ლარამდე გავაიაფეთ. მართალია, ეს მეტნაკლებად ნეგატიურად აისახება შემოსავლებზე, მაგრამ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაგვედგა, რომ არ დაგვეკარგა მომხმარებელი. შესაძლოა, არასწორი მარკეტინგული სვლებია არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, ზოგადად ქვეყანაში, სხვანაირად ვერ ვხსნი, რატომ არის მაღალმხარჯველი ტურისტების დეფიციტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისრაელის ომიც არის. ბაკურიანში ეს სეგმენტი ადრე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო“, - აცხადებს მაია მარუაშვილი.

მისი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კომპანია  საზაფხულო სეზონისთვის მუშაობას დაიწყებს. 

,,მაქსიმალურად ვცდილობთ, მაღალი დატვირთულობა შევინარჩუნოთ. ამისთვის უფრო სპორტულ და გასართობ სერვსიებზე გავაკეთებთ აქცენტებს, რის შესაძლებლობასაც ბაკურიანის ინფრასტრუქტურა იძლევა. უფრო მაინც ველოსპორტისა და საცხენოსნო ტურების მიმართულება გვინდა განვავითაროთ. ბაკურიანი მხოლოდ თხილამურებზე სრიალთან არ უნდა ასოცირდებოდეს, მართალია, სათხილამურო კურორტია, მაგრამ აქვს სხვა შესაძლებლობები, რომლის წარმოჩენასაც  შევუწყობთ ხელს. გასართობი და შემეცნებითი  აქტივობები გვექნება“, - აცხადებს მარუაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“.

ცნობისთვის, სასტუმრო ‘’ვილა პალასი’’ მდებარეობს ბაკურიანში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. სასტუმრო 24 ნომრისგან შედგება და სეზონზე 25-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოგვყევით