logo
Loading data...

"ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა დაებლოკა 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის პროექტი" - პრემიერი

"ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა დაებლოკა 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის პროექტი" - პრემიერი

1716454820

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე, 9 კილომეტრიანი გვირაბის გაჭრის პროექტის დაბლოკვას ცდილობდა.

როგორც მან გადაცემა „გადაწყვეტილებაში“ აღნიშნა, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ვინ ბლოკავდა ეკონომიკურ პროექტს, დონორსაც გაუჭირდება ასეთი აქტივობების დაფინანსება და თვითონ ორგანიზაციაც უფრო მეტად გაუფრთხილდება დონორის ინტერესებს.

მე დარწმუნებული ვარ გაირკვევა გამჭვირვალობის საფუძველზე, როდესაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა დაებლოკა 9 კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა. ვგულისხმობ ქვეშეთი-კობის მონაკვეთს. ამის უკან იდგა კონკრეტული დონორი ორგანიზაცია და საზოგადოებისთვის ეს ხომ გახდება ცნობილი?! ვინ ცდილობდა, ვისი დაფინანსებით, რომ დაებლოკა ეკონომიკური პროექტი.

ეკოლოგიასთან არავითარი შეხება არ ჰქონდა ამ პროექტს, კილომეტრ ნახევრის სიღრმეში იჭრებოდა ეს გვირაბი და აშკარა იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი იყო და ეს ყველაფერი გაირკვეოდა“ - აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. ახალი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. მოცემულ ეტაპზე, 9 კმ-იან გვირაბში დაიწყება საბოლოო მოსახვის, ელექტრო და საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 1 ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული ცენტრის მშენებლობას.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024-2025 წლებში დასრულდება.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით