სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სამშენებლო სექტორში ფასები უნდა გადაიხედოს, - ამის შესახებ "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ და კომპანია "ინსის" გენერალურმა დირექტორმა ზვიად თოიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვით სამშენებლო მასალების სარეკომენდაციო საბაზრო ფასს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ ფასების გადახედვა სწორად მოხდეს და შეცდომები არ იქნეს დაშვებული, მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი დისკუსია და ასევე, სამშენებლო კომპანიებისა და ასოციაციის ჩართულობა.
"სამშენებლო ფასებზე რამდენიმე წელია, რაც ვსაუბრობთ. უმეტეს შემთხვევაში იყო არასაბაზრო ფასები და უმეტეს შემთხვევაში სანდომიანი კომპანიები ფიზიკურად ვერ იღებდნენ მონაწილეობას ისეთ ტენდერებში, სადაც ფასები საბაზროზე დაბალი იყო. რა თქმა უნდა, ეს საკითხი გადასახედი იყო. აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები მაქსიმალურად ღია და საჯარო არიან. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაში ჩართული იქნება ჩვენი ასოციაციაც. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დისკუსიის რეჟიმში სწორად მოხდება ყველაფრის კორექტირება.
ფასები იმდენად იცვლება და ეს არ ეხება მხოლოდ სამშენებლო მასალების ნაწილს, ხელფასების კუთხითაც არის სწრაფი ცვლილებები. შესაბამისად, ზოგადად სამშენებლო სექტორში ფასები იმდენად ხშირად იცვლება, რომ სამ თვეში ერთხელ, რა თქმა უნდა, უპრიანი იქნებოდა გადახედვა", - აცხადებს ზვიად თოიძე.
ცნობისთვის, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ახორციელებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესასყიდი სამუშაოების სარეკომენდაციო ღირებულებების დადგენას, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
დეპარტამენტმა შეისწავლა და გააანალიზა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შესყიდული ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები.