ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის სახალხო თეატრის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
ყვარლის თეატრის შენობა გასული საუკუნის 60–70-იან წლებშია აშენებული და საბჭოთა პერიოდის საზოგადოებრივი არქიტექტურის ერთ-ერთ ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს. რეაბილიტაციის პროექტის მიზანია შენობის არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებების შენარჩუნება და მისი სრულყოფილი რეაბილიტაცია, ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესება და თანამედროვე, მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრად გარდაქმნა.
საპროექტო დავალების ფარგლებში შემუშავდება შენობის რეაბილიტაცია-ადაპტაციის სრული პროექტი და შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. გათვალისწინებულია სივრცეების ოპტიმიზაცია, მრავალფუნქციური საკონცერტო დარბაზის, სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცეების, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლებისთვის განკუთვნილი ოთახების, ასევე საგამოფენო სივრცის მოწყობა.
განახლების შედეგად ყვარლის სახალხო თეატრი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბდება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას შესთავაზებს.