„დღევანდელი ფორუმი იმართება საერთაშორისო ვაჭრობისა და სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე. გეოპოლიტიკური გამოწვევები ზრდის ალტერნატიული და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო ტრანსპორტი, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 80%-ზე მეტი მოდის.
„იცვლება კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმებიც. დღეს უპირატესობა აღარ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიული მანძილით. სულ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მარშრუტის უნარი, უზრუნველყოს ტვირთის სწრაფი, უსაფრთხო და პროგნოზირებადი გადაადგილება საწყისი პუნქტიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.სწორედ ამ დინამიკის ფონზე იზრდება შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა და მის მიმართ საერთაშორისო ინტერესი. საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც - შესაძლებლობა, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი როლი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სისტემაში და პასუხისმგებლობა, მზარდ მოთხოვნას ვუპასუხოთ შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით იმართება.