ბოლო პერიოდში „გორგიას“ გაყიდვები მზარდ დინამიკას აჩვენებს. 2025 წელს კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 15-20%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელის "გორგიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინი ოქროპირიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით "გორგიაში" ყველაზე აქტიურად სამშენებლო-სარემონტო პროდუქტები იყიდება.
"ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა. პირველ რიგში, მომხმარებლებს ხშირად ვთავაზობთ სხვადასხვა აქციას მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში. წელიწადში ორჯერ ტარდება განსაკუთრებით მასშტაბური აქციები - დაბადების დღისა და „შავი პარასკევის“ პერიოდში, რაც მომხმარებელთა აქტივობას მნიშვნელოვნად ზრდის. გარდა ამისა, წლის განმავლობაში იმართება არაერთი დამატებითი კამპანია, რაც ასევე დადებითად აისახება გაყიდვებზე.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ექსკლუზიური ბრენდების პორტფელის გაფართოებაც. კომპანია ყოველწლიურად ამატებს ახალ ბრენდებს. მხოლოდ 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაემატა 5 ექსკლუზიური პრემიუმ ბრენდი, მათ შორის ესპანური და გერმანული წარმოების ბრენდები, რაც მომხმარებლისთვის შეთავაზების მრავალფეროვნებას ზრდის.
სამშენებლო-სარემონტო პროდუქტები ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნადია გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. გარდა ამისა მოთხოვნადია, ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტები.
რაც შეეხება ფასების ცვლილებას - აღნიშნულმა ფაქტორმა გაყიდვებზე დადებითი გავლენა მოახდინა, რადგან "გორგიაში" ფასები არ იზრდება - პირიქით, სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით ხშირად ვამცირებთ მათ, რაც მომხმარებლის ინტერესს ზრდის, რაც ცხადია გაყიდვებზე პოზიტიურად აისახება", - აცხადებს ნინო ოქროპირიძე.
მანვე აღნიშნა, რომ მომხმარებლის ქცევა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იცვლება. თუ ადრე ისინი ნაკლებად ატარებდნენ ბაზრის კვლევას, დღეს მომხმარებლები უკვე აქტიურად ადარებენ შეთავაზებებს და გადაწყვეტილების მიღებისას ფასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ხარისხსაც აქცევენ.
ცნობისთვის, სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" საქართველოს მასშტაბით, ამჟამად 14 ფილიალს, ხოლო უცხოურ ბაზრებზე, კერძოდ, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბულგარეთში ჯამში 3 ფილიალს ფლობს.