ძეხვეულის წარმოების შეჩერების შემდეგ „მითანას“ დირექტორმა კახა ყრუაშვილმა სრულიად განსხვავებულ სფეროში გადაინაცვლა. როგორც მან ‘’ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, თითქმის ყველა დეტალი მზად არის და დაახლოებით ორ კვირაში ახალი მაღაზია და ე.წ. შოურუმი გაიხსნება.
ყრუაშვილის ინფორმაციით, შპს "ლეონ ფართ გრუპი" ძირითადად ბიზნესს მოემსახურება - ავტონაწილების მაღაზიებსა და სხვადასხვა კომპანიას, რომელიც ავტონაწილების ბაზარზე ოპერირებს.
"სრულიად სხვა სეგმენტში გადავერთეთ. გადავწყვიტეთ, ავტონაწილების ბაზარზე შემოვიდეთ და ჩვენი ნიშა დავიკავოთ. აქცენტი საბითუმო-საცალო გაყიდვებზეა. ერთდროულად იქნება მაღაზია და შოურუმი, სადაც ჩვენი პარტნიორები ივაჭრებენ. ამ ეტაპზე მუშა პროცესია, მიმდინარეობს პროდუქციის დასაწყობება და დახარისხება, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდება, ხოლო დაახლოებით ორ კვირაში ოფიციალურად გავიხსნებით“, - აცხადებს კახა ყრუაშვილი.
მისივე თქმით, ავტონაწილების ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია, აქედან გამომდინარე, გარკვეული გამოწვევები იქნება, რისთვისაც მზად არის.
,,კონკურენცია საკმაოდ ძლიერია, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. ვიმედოვნებთ, რომ გვექნება ჩვენი კუთვნილი ადგილი, ამისთვის საკმაოდ დიდი რესურსი ჩავდეთ. მაქსიმალურად ვართ ხარისხზე ორიენტირებული. რაც შეეხება მომწოდებელ ქვეყანას, შეგნებულად შევარჩიეთ გერმანია, რომელიც გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა. ვცდილობთ, ახალი, ხარისხიანი ავტონაწილები ხელმისაწვდომ ფასად შევთავაზოთ მომხმარებელს, ესეც ჩვენი კონკურენტული უპირატესობა უნდა იყოს“, - აცხადებს კახა ყრუაშვილი.
ცნობისთვის, ავტონაწილების ახალი მაღაზია და შოურუმი თბილისში, ზაჰესში გაიხსნება. ობიექტი 200 კვადრატულ მეტრ ფართზე განთავსდება. კომპანია საწყის ეტაპზე 15-მდე ადამიანს დაასაქმებს. კომპანიის დამფუძნებელი საინვესტიციო ღირებულებას ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.
რაც შეეხება ,,მითანას“ , ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია 2023 წელს დაიხურა. თავის დროზე მიზეზად საწარმოს ზარალიანობა დასახელდა.