logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

კოდა: წარმოების ზრდა დიდი რისკია - არ არსებობს ადგილობრივი პროდუქციის დამცავი მექანიზმი

მეფრინველეობის კომპანია "კოდას" დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. როგორც კომპანიის დირექტორი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, მეწარმეებისთვის, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის დემპინგურ ფასად შემოტანა, ისევ დგას. 

მისივე ინფორმაციით, "კოდას" აქვს რესურსი, რომ წარმოება გაზარდოს, თუმცა ამ ეტაპზე თავს სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო იკავებს.

"გვინდა, თუმცა, ამ ეტაპზე წარმოების ზრდას არ ვაპირებთ, რადგან ძალიან დიდი რისკია, რომ თურქეთიდან კვერცხი დემპინგურ ფასად შემოვიდეს.  მაგალითად, გასულ წელს ძალიან დიდი რაოდენობის კვერცხი შემოვიდა. წელს შედარებით ნაკლები, მაგრამ დაზღვეული არ ვართ. არანაირი დამცავი მექანიზმი არ არსებობს იმისათვის, რომ ადგილობრივი პროდუქცია დაცული იყოს. მეშინია, პროდუქცია დემპინგური ფასით, რომ შემოვიდეს და ჩემი გაზრდილი წარმოება წამგებიანი აღმოჩნდეს. იმპორტირებული პროდუქცია კონკურენციას ვერ გაგვიწევდა იგივე ფასით რომ შემოდიოდეს.

ადგილობრივი წარმოების დაცვისთვის, ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანას  დამცავი მექანიზმი აქვს.  მაგალითად, თურქეთში, რომ კვერცხი შეიტანო, მეწარმეს საბაჟო გადასახადის გადახდა უწევს, ჩვენთან  მსგავსი არაფერი არ არის.  პატარა კომპანიები ალბათ ვერ უძლებენ კონკურენციას და ამიტომ იხურებიან. მიუხედავად ამისა, კვერცხის მწარმოებელთა რიცხვი ბოლო წლებში მაინც გაზრდილია", - აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი. 

რაც შეეხება კომპანიის გაყიდვებს, როგორც ზურაბ ჭუჭულაშვილი აცხადებს, "კოდას" გაყიდვები სტაბილურია და მცირედით არის გაზრდილი. ხოლო ფასი, ზაფხულის პერიოდში საშუალოდ 3-5 თეთრით არის შემცირებული.

გარდა ამისა, კომპანია მიმდინარე წელს მზის ენერგიის სისტემების დამონტაჟებას გეგმავს, რომლითაც  საწარმოსთვის საჭირო ელექტროენერგიის 70% იქნება უზრუნველყოფილი. ამასთან "კოდა" 2025 წელს ბიო კვერცხის წარმოების დაწყებასაც აპირებს.

"მზის ენერგიის სისტემების დამონტაჟებისთვის ინვესტიცია დაახლოებით, 0.5 მლნ ლარი იქნება. რაც შეეხება ბიო კვერცხის წარმოებას - ამას არამხოლოდ ქათმის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტით გამოკვება, არამედ ტერიტორია სჭირდება, რომლის სიახლოვეს მოსახლეობა არ იქნება. უამრავი ფაქტორია და აქედან გამომდინარე, ეს პროცესი მარტივი ნამდვილად არ არის. მიწა გვაქვს სოფელ კოდაში და იქ გვინდა, რომ გავაკეთოთ. აღნიშნული პროექტის ინვესტიცია დაახლოებით, 700 000-დან  1 მილიონ დოლარამდე იქნება. ამჟამად ინვესტიციის მოძიების ეტაპზე ვართ", - აღნიშნა ზურაბ .

ცნობისთვის, მეფრინველეობის კომპანია "კოდას" წლიური წარმადობა 90 მილიონი ცალი კვერცხია, ქათმის ხორცი კი წლის განმავლობაში 1000 ტონის ფარგლებში იწარმოება.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2023 წელს, მეფრინველეობის სექტორმა თურქეთის მხრიდან საქართველოში დემპინგური ფასებით ოპერირების გამო კონკურენციის სააგენტოს მიმართა.

გამოგვყევით