რა გავლენა მოახდინა ბიზნესზე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა? – აღნიშნულთან დაკავშირებით, „ბიზნესპარტნიორი“კომპანიების ნაწილს ესაუბრა, სადაც განმარტეს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მათი გაყიდვები შემცირდა. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ 2024 წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესი დააპაუზა.
მათ შორის, ერთ-ერთი ასეთი კომპანია საკონსერვო წარმოება "კულაა", რომლის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე აცხადებს, რომ არსებული პროცესებიდან გამომდინარე ბიო წვენების და თევზის კონსერვის პროექტი დააპაუზა, რადგან კომპანიას სამომავლო გეგმების დასახვა უჭირს.
"ზოგადად ცუდი სიტუაციაა, რადგან არასტაბილურობაა და არ ვიცი საით მივდივართ. ყველა ფრთხილობს, ბანკებიც სიფრთხილით გვიყურებენ და შესაბამისად, ვერაფერს ვგეგმავთ. პროექტების განხორციელება მომდევნო წლისთვის გადავდეთ”, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, დაგეგმილი პროექტების განხორციელება შეაჩერა ქართულმა ბრენდმა Nickola's-მაც. როგორც ბრენდის დამფუძნებელი ნიკოლას ქანთარია აცხადებს, მათ მიერ მამაკაცის წვერის მოვლის საშუალებების, ჭურჭლის და მამაკაცის სუნამოს გამოშვება, მიმდინარე მოვლენების დასტაბილურების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
"ვიმედოვნებ, რომ 2025 წელს შევძლებთ პროექტების განხორციელებას. რა თქმა უნდა, მაქვს მოლოდინი, რომ უკეთესი წელი იქნება, ვიდრე 2024 იყო", - აცხადებს ნიკოლას ქანთარია.
ამასთან, გამოწვევების წინაშე დადგა ტურიზმის სექტორიც. ტურისტულმა კომპანია WST-მ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მანავში "ტურისტული სოფლის" პროექტი დააპაუზა.
როგორც WST-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გერმანე ჭელიძე აცხადებს, კომპანიას აღნიშნული პროექტისთვის ადგილი უკვე შეძენილი აქვს, თუმცა სანამ ქვეყანაში პროცესები არ დასტაბილურდება პროექტის გაგრძელებას არ აპირებს.
"ბიზნესპარტნიორი" რითეილ სექტორში არსებული მდგომარეობითაც დაინტერესდა. ჩვენთან საუბარში სავაჭრო ცენტრები აღნიშნავენ, რომ მომხმარებლების აქტივობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია. გარდა ამისა, როგორც კომპანია Gtex-ის დამფუძნებელი გიორგი ბასილაძე აცხადებს, შემცირებული გაყიდვების გარდა, მათ რამდენიმე ახალი ევროპული ბრენდის შემოყვანის პროექტიც დაუპაუზდათ.
მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი პრაქტიკულად დასრულებული იყო, თუმცა ყველა პროექტი გაურკვეველი ვადით დაპაუზდა.
კომპანიების წარმომადგენლები გამოთქვამენ იმედს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მალე დასტაბილურდება და ბიზნესი განვითარებას შეუფერხებლად განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს თითქმის 2 თვეა, რაც ყოველ დღე მართავენ.