logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

რითეილ ბაზარზე დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციების შემოტანა მიზანშეწონილი არ არის - "რითეილ ასოციაცია"

კონკრეტული საკანონმდებლო რეგულაციების მიმართულებით მუშაობა არ არის მიზანშეწონილი - ამის შესახებ „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილი აცხადებს. ასე ეხმაურება ასოციაცია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) ბაზრის მონიტორინგის საკითხს, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა გამოავლინოს საჭირო გახდება თუ არა დამატებითი საკანონმდებლო რეგულირება სექტორში.

როგორ გიორგი ხაბაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, სამართლებრივი ბაზა დღეს ისედაც ძალიან მაღალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისია. ამასთან, მისივე თქმით, არც ერთმა საკანონმდებლო თუ ნორმატიულმა აქტმა არ შეიძლება დაავალდებულოს ესა თუ ის ბიზნესი, რომ მისთვის მიუღებელი რომელიმე პირობა შემოიტანოს.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ სექტორში დღეს ისედაც მაღალი კონკურენციაა და დამატებითი რეგულაციები საჭირო არ არის.

“აბსოლუტურად ყველა კვლევამ დაადგინა და დაადასტურა, რომ დღეს რითეილ ბაზარზე ძალიან მაღალი კონკურენციაა და ეს გამოიხატება შემდეგში: ქსელურ სუპერმარკეტებს დაახლოებით 50% უჭირავთ მთელი რითეილ ბაზრის. დანარჩენი ბაზარი არაორგანიზებული რითეილია, ხოლო ის წილი, რაც ორგანიზებულ რითეილერებს უჭირავთ, ძალიან კარგად არის გადანაწილებული, ანუ დივერსიფიცირებულია, რადგან 15-მდე მსხვილი რითეილერი ოპერირებს დღეს საქართველოს ბაზარზე. ეს კომპანიები ერთმანეთთან ძალიან მკაცრ კონკურენციაში არიან. ყველა ცდილობს რომ ერთმანეთს აჯობოს ფასების თვალსაზრისით და დღეს ეს გარემო FMCG/რითეილის მიმართულებით იმდენად კონკურენტულია, რომ საკმაოდ რთულია ამ ბაზარზე ოპერირება“ - აცხადებს გიორგი ხაბაშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, დღეს, ბაზარზე მოქმედი ყველა რითეილერი ცდილობს მცირე და საშუალო მეწარმეებსა და ფერმერულ მეურნეობებს მხარი დაუჭიროს.

„ყველა რითეილერი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს მხარი მაქსიმალურად დაუჭიროს. მათთვის ქსელში შესვლის, თუ რაიმე ტიპის გადასახადის თვალსაზრისით ძალიან რბილი, მოქნილი და ლოიალური პირობებია ყველა რითეილერის მხრიდან. ჩვენი მიზანი არის ის, რომ საქართველოში მეწარმეობა განვითარდეს, რათა ქვეყანაში მომხმარებელს უფრო მეტი ადგილობრივი პროდუქტის არჩევანი ჰქონდეს. რითეილერები ძალიან აქტიურად უჭერენ მხარს ამ მიმართულებით ადგილობრივ მეწარმეებს.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოში სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი ბაზა ძალიან მაღალი სტანდარტებისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამა თუ იმ რითეილერს აქვს ისეთი მოთხოვნა, რომელიც მიუღებელია ამა თუ იმ დისტრიბუტორისთვის, დღეს სადისტრიბუციო კომპანიას აქვს რითეილ კომპანიების საკმაოდ დიდი არჩევანი, რომელთანაც შეუძლია ითანამშრომლოს, მისთვის მისაღები პირობებით. თუმცა, აქ მთავარი და წამყვანი ფაქტორი არის ის,რომ რითეილ ბაზარზე ძალიან ბევრი კომპანია ოპერირებს და ამ კომპანიებს შორის კონკურენციის ხარისხი არის ძალიან მაღალი“ - ამბობს გიორგი ხაბაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.

შეგახსენებთ,კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის (FMCG)  ბაზარს სწავლობს. დაწყებულია მონიტორინგი, რომელიც სექტორში შესვლის ბარიერებსა და დანახარჯების საკითხს სწავლობს.

„საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციია” კი მიიჩნევს, რომ რითეილერების მხრიდან კომპანიებისთვის დაწესებული გადასახადები გარკვეულ ჩარჩოში უნდა მოექცეს.

გამოგვყევით