logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"რითეილერების მხრიდან კომპანიებისთვის დაწესებული გადასახადები გარკვეულ ჩარჩოში უნდა მოექცეს" - დისტრიბუტორთა ასოციაცია

რითეილერების მხრიდან კომპანიებისთვის დაწესებული გადასახადები გარკვეულ ჩარჩოში უნდა მოექცეს, - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან” “საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე საუბრობს. მისი თქმით, FMCG ბაზარზე კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწყებულმა მონიტორინგმა უნდა გამოკვეთოს იმ რეგულაციების საჭიროება, რომელზე მუშაობაც ორი წლის წინ დაიწყო.

„იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც წლებია ბაზარზე არსებობს, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ როგორც სააგენტოს, ასევე, სხვადასხვა სამინისტროს. დაწყებული იყო რეგულირება ორი წლის წინ, როდესაც მთავრობის ინიციატივით შემუშავდა დოკუმენტი, რომელიც ეყრდნობოდა ევროდირექტივას, ავალდებულებს ქვეყნებს მინიმალურად დაიცვან სტანდარტი. ამ დოკუმენტის განხილვა შეჩერდა. ამ ეტაპზე სამინისტროშია და არ ვფლობთ ინფორმაციას - აპირებენ თუ არა პროცესის განახლებას.

დოკუმენტი ითვალისწინებს იმ მინიმალურ და აუცილებელ მოთხოვნებს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესს ქსელებთან ურთიერთობაში. აქ საუბარია იმ ტიპის გადასახადების დაწესებაზე, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მომხმარებლისთვის საბოლოო ფასის ფორმულირებაზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ დოკუმენტით ეს ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება, ეს უბრალოდ, ხელს შეუწყობდა ფასის სტაბილურობას, რომ ხანგრძლივ პერიოდში პროდუქტზე ფასი არ გაზრდილიყო. როდესაც მწარმოებელი იხდის შესვლის გადასახადს, თაროს გადასახადს, "ქეშ ბექს" და სხვა გადასახადებს, რომელიც პროდუქტის ტიპიდან გამომდინარე შეიძლება ავიდეს 40%-ზე, ეს დიდ გავლენას ახდენს და მომხმარებლისთვის ფასში აისახება“ - ამბობს ლაშა რიჟამაძე.

ამასთან, მისივე თქმით, პრობლემურია ისიც, რომ ადგილობრივი მწარმოებლების დიდი ნაწილი არ არის წარმოდგენილი ქსელებში, რადგან, მათ არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური სახსრები, შესაბამისი ხარჯებისთვის. მათ შორის, მათთვის გამოწვევაა გადახდის, კონსიგნაციის პირობა, რომელიც, ლაშა რიჟამაძის განმარტებით, რამდენიმე თვე გრძელდება და მეწარმეს არ გააჩნია რესურსი, ასეულობით ათასი ლარი ქსელში გააჩეროს და 90 დღის განმავლობაში ელოდოს.

„კონკურენციის სააგენტოსთვის კვლევის საგანი უნდა იყოს ის, თუ დღეს ოპერირებადი კომპანიები რა ქცევას იჩენენ ბაზარზე და ახდენს თუ არა ეს გარკვეულ ზეგავლენას, მათ შორის ფასებზე. ალბათ, ამ ფორმით უნდა დაიწყოს კვლევა, თუ გვინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს შედეგიანი.

რომ არ დაზიანდეს რითეილი მათი პოზიციაც გასათვალისწინებელია, მაგრამ კომპანიებისთვის დაწესებული გადასახადები რაღაც ჩარჩოში მოექცეს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყოველ წელს კომპანიამ უნდა გაზარდოს მის მიერ გასაცემი თანხის ოდენობა, ეს თანხა საიდანღაც უნდა მოვიდეს. ეს რეალურად, ფასშია ასახული და ყოველი ახალი საანგარიშო წლიდან, სწორედ, ამ განახლებული პირობების და გაზრდილი ფასის გამო, პროდუქტი სხვა ფასით ხვდება მომხმარებელს“ - აცხადებს ლაშა რიჟამაძე.

შეგახსენებთ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის (FMCG)  ბაზრის მონიტორინგი დაიწყო, რაც სექტორში შესვლის ბარიერებსა და დანახარჯების საკითხს ეხება.

სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ სწორედ მონიტორინგი გამოავლენს სექტორში პრობლემურ საკითხებს. ასევე, გამოიკვეთება, საჭირო გახდება თუ არა სექტორის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება. 

გამოგვყევით