როდესაც ქვეყანაში სტაბილური გარემოა შესაძლებელია როგორც ბიზნესის განვითარება, ისე სხვადასხვა ინვესტორთან საუბარი და დასაქმებულების რიცხვის ზრდა - ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ქვეყნის ბიუჯეტზე, - ამის შესახებ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საუბრისას, განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის განვითარება პირდაპირ არის დაფუძნებული სტაბილურობაზე.
„26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა მყარი პოზიცია დააფიქსირა, რომ ხმას აძლევს მშვიდობას, დემოკრატიასა და თავისუფლებას.
იმ ღირებულებებს, რაზედაც დგას ჩვენი ქვეყანა აფასებს დასავლეთიც და პარტნიორი ქვეყნებიც, რომლებსაც აინტერესებთ როგორი მომავალი იქნება საქართველოში. ბიზნეს ჯგუფებს აინტერესებთ ჩვენს რეგიონში შემოსვლა და ისინი ყურადღებით აკვირდებიან თუ რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს.
დაუკვირდით 2012 წლიდან როგორი თავისუფალია ბიზნესი. ბიზნესს განვითარება თან ახლავს და რა თქმა უნდა, მთავრობა უსმენს ბიზნესს“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.
ზურაბ ჩხაიძის შეფასებით, კომპანიების განწყობა არის ის, რომ „სტაბილურობის შენარჩუნების ფონზე გააგრძელონ ინვესტიციების განხორციელება საქართველოში“.
ცნობისთვის, ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" 53.93%-ით (1 118 796 ხმა) ლიდერობს. მეორე ადგილზეა "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო. "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" - 10.161% (210 787 ხმა) მოიპოვა, "ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" - 8.814 % (182 839 ხმა) აქვს, პარტიას "გახარია საქართველოსთვის" კი - 7.771% (161 215 ხმა).