logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"თბილისში, უდიდესი წილი ჯამურად გაყიდული ბინებიდან, 50-დან 75 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინებზე მოდის "

ივლისში თბილისში გასაყიდი უძრავი ქონების ფასი კვადრატულზე 1,207 დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 3% -იან ზრდას წარმოადგენს. გაზრდილია როგორც ძველი, ისე ახალი ბინების ფასები, -  ამის შესახებ  „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა სალომე დეისაძემ   „ბიზნესპარტნიორს“  განუცხადა.

მისი თქმით, უძრავი ქონების გასაყიდი ფასებისგან განსხვავებით, გასაქირავებელმა ფასმა დაიკლო და კვადრატულ მეტრზე 11.5 დოლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის ივლისის მაჩვენებელს 9 პროცენტით ჩამორჩება.

„ქირაზე ფასების ვარდნა, შემცირებულმა მოთხოვნამ განაპირობა, რაც თავის მხრივ მიგრაციული ეფექტის ამოწურვით აიხსნება. ველოდებით, რომ ქირაზე ფასების ვარდნა 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება“, - აღნიშნავს სალომე დეისაძე.

რაც შეეხება ტრანზაქციებს, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა. როგორც „თიბისი კაპიტალის“ ყოველთვიურ მიმოხილვაში წერია, 2024 წლის ივლისში, დედაქალაქში გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,435 ერთეული შეადგინა, რაც 18%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს.

„გასული ორი თვის განმავლობაში, ტრანზაქციების მიყოლებით კლების შემდეგ, ივლისის თვეში გაყიდული ბინების რაოდენობამ, მიმდინარე პერიოდში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და სავარაუდოდ, ეს ზრდა, წინა თვეებში გადავადებული მოთხოვნითაა გამოწვეული“, - განმარტავს „თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი.

მისივე ინფორმაციით, თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ, საანგარიშო პერიოდში, 268 მილიონი დოლარი შეადგინა და წლიურ ჭრილში 5%-ით გაიზარდა. უდიდესი წილი ჯამურად გაყიდული ბინებიდან  50-დან 75 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინებზე მოდის. უბნების მიხედვით კი, გაყიდული ბინების რაოდენობით, დიდი დიღომი კვლავ პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციაზე კი - საბურთალო იმყოფება.

„აქვე კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია არის ის, რომ წლიურად ძველი ბინების გაყიდვები გაიზარდა, ახლების კი შემცირდა. უფრო კონკრეტულად - ივლისში გაყიდული ახალი ბინების რაოდენობამ თბილისში 665 შეადგინა, რაც 3%-ით ჩამორჩება 2023 წლის ივლისის მაჩვენებელს. რაც შეეხება ძველ ბინებს, მათ გაყიდვებში წლიურად 4.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - აცხადებს  დეისაძე.

„თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი  სამშენებლო ნებართვებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, 2024 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში, თბილისში ნებართვა გაიცა 787 ათას კვადრატულ მეტრ საცხოვრებელი ფართობის მშენებლობაზე, რაც 2%-ით ჩამოუვარდება წინა წლის ამავე პერიოდს.

გამოგვყევით