logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"აქტიურად ვეთანამშრომლებით ყველა ნავსადგურს, რომ მაქსიმალურად, თავიანთი რესურსებით შეძლონ უფრო მეტი ტვირთის დამუშავება"

"აქტიურად ვეთანამშრომლებით ყველა ნავსადგურს, რომ მაქსიმალურად, თავიანთი რესურსებით შეძლონ უფრო მეტი ტვირთის დამუშავება"

1769109404

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ამბობს, რომ სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვაა ქვეყანაში სატრანსპორტო სექტორის განვითარება, იქნება ეს - ავიაცია, რკინიგზა, თუ პორტები.

„რაც შეეხება უშუალოდ ნავსადგურებს, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კერძო ოპერატორებთან იმისთვის, რომ არსებულ პორტებში მათი შესაძლებლობები გავზარდოთ და ამ კუთხით, როგორც ფოთის, ისე ბათუმის ნავსადგურთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ამ კუთხით, ვაპირებთ კიდევ უფრო მკაფიო ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ გადაიარაღება მოხდეს აღნიშნული პორტების. მაგალითისთვის, ფოთის პორტში ძალიან აქტიური სამუშაოები უკვე განხორციელდა და 2022 წელს შევიდა ოპერირებაში ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური. ფოთის პორტს აქვს რესურსი, რომ არსებულ ნავსადგურშივე, თავისი ნავმისადგომები ისე განავითაროს, რომ შეძლოს ბევრად უფრო მეტი ტვირთის გადამუშავება. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი პორტები არ არიან იმ ნიშნულზე, რომ სრულად მოახდინონ თავიანთი რესურსების უტილიზაცია და აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვეთანამშრომლებით ყველა ნავსადგურს - ეს იქნება ფოთი, ბათუმი, თუ ყულევი იმისათვის, რომ მაქსიმალურად, თავიანთი რესურსებით შეძლონ უფრო მეტი ტვირთის დამუშავება“, - განმარტა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ეს არის ფლაგმანი პროექტი.

„ნულიდან შენდება აღნიშნული ინფრასტრუქტურა.შესაძლებლობა გვაქვს, რომ რეგიონში არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ და ისე დავაპროექტოთ აღნიშნული პორტი, რომ სწორედ იმ მოთხოვნებს მოვერგოთ, რაც რეალურად დღეს, რეალურ დროშია“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველ გემს 2029 წელს მიიღებს. როგორც თამარ იოსელიანი აღნიშნავს, სახელმწიფოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია ჰყავს დაკონტრაქტებული და უკვე სრულდება საპროექტო და სამობილიზაციო სამუშაოებზე მუშაობა. შესაბამისად, პორტის მშენებლობა უკვე ძალიან მალე დაიწყება.

გამოგვყევით