logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"სახელმწიფოს ძალიან გრძელვადიანი ხედვა აქვს ზოგადად, საავიაციო სექტორის განვითარებისთვის საქართველოში" - თამარ იოსელიანი

"სახელმწიფოს ძალიან გრძელვადიანი ხედვა აქვს ზოგადად, საავიაციო სექტორის განვითარებისთვის საქართველოში" - თამარ იოსელიანი

1769107012

„ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა წინა კვირაში სახელმწიფოსა და  ფრანგული სახელმწიფო კომპანიის ჰოლდინგში შემავალ TAV GEORGIA-ს  შორის. აღნიშნულმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში განახორციელებს 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას თბილისის აეროპორტში“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  თამარ იოსელიანმა  განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოსა და TAV GEORGIA-ს  შორის უკვე 20 წლიანი, ძალიან წარმატებული თანამშრომლობა არსებობს.

„ეს არის კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის ძალიან წარმატებული მაგალითი. მათ უკვე განხორციელებული აქვთ ძალიან მსხვილი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში და ეს არის, დაახლოებით, 260 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ახლა კი, ამ ყველაფერს დაემატება  უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია, რაც მათ ვალდებულებად აიღეს, რომ განახორციელონ. დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობს თავის მაქსიმუმზე, გადააჭარბა უკვე 5 მილიონ მგზავრს და შესაბამისად, გაფართოებას საჭიროებდა. სახელმწიფოს  ძალიან გრძელვადიანი ხედვა აქვს ზოგადად, საავიაციო სექტორის განვითარებისთვის საქართველოში - თქვენ იცით, რომ 2031 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებასაც და სწორედ ამ გრძელვადიანი ხედვიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ტავ“-თან შევსულიყავით ამ მოლაპარაკებაში, რომლის შედეგადაც, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, გაორმაგდება თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისივე განმარტებით, 50%- ით გაიზრდება სატერმინალო თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა და საპარკიგნე ზონა და ასევე, რაც მთავარია, თვითმფრინავის სადგომებიც შესაბამისი რაოდენობით გაიზრდება.

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიც არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია,“ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას მომავალი ხუთი წლის განმავლობაში განახლებული პირობებით გააგრძელებს. შედეგად,  ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP თბილისის აეროპორტის განვითარების მომდევნო ეტაპის ფარგლებში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ინვესტიცია მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიან, მდგრად განვითარებას, მისი ოპერაციული შესაძლებლობების საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას და საქართველოს, როგორც რეგიონული ავიაციური ჰაბის პოზიციის გაძლიერებას. პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს, გაზრდის ქვეყნის დაკავშირებადობას, ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესმობილობის განვითარებას და შექმნის დამატებით ეკონომიკურ სარგებელს სახელმწიფოსთვის.

გამოგვყევით