logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რისთვისაც დიდი ინვესტიციები იდება"

"ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რისთვისაც დიდი ინვესტიციები იდება"

1770450138

უძრავი ქონების სექტორს ეკონომიკურ ზრდაში უკავია განსაკუთრებული ადგილი. გასულ წელს უძრავი ქონების სექტორში ეკონომიკურმა რეალურმა ზრდამ 10 პროცენტს გადააჭარბა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით.

„ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის საერთო გარემო, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში, გვაქვს სათანადო საინვესტიციო გარემო, გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს დაბალი გადასახადები, რაც ბუნებრივია, ქმნის სტიმულს საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული მოწინავე ქვეყანა ამ მაჩვენებლით. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე რეგიონში და წინ ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სათანადო გარემოს შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს უკავია მაღალი ადგილი. გამოვყოფდი მსოფლიო ბანკის რეიტინგს ბიზნესისთვის მზაობა, ე.წ. B-READY, სადაც საქართველოს არის ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის იკავებს მეოთხე ადგილს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საერთო ტენდენციები, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, პირდაპირ პროპორციულად აისახება უძრავი ქონების სექტორის დინამიკაზე.

„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე ეს სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომლის განხორციელება დაწყებულია ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტი, რომლის საერთო მოცულობა არის 6,6 მილიარდი დოლარი. ასეთი მასშტაბური ინვესტორის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში ადასტურებს საერთო ნდობას ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და იმ გარემოს მიმართ, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული. მარტო ეს კონკრეტული ინვესტიცია დაახლოებით 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს საქართველოს ეკონომიკას, რაც მის მასშტაბებზე თავისთავად მეტყველებს.

გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რისთვისაც დიდი ინვესტიციები იდება. დაგეგმილია მასშტაბური მშენებლობები ამ მიმართულებით. ესეც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის მეტად დაჩქარებას. მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ ნაყოფიერი დისკუსიები. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ამ ფორუმის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესასოციაციას და ფორუმის თითოეულ ორგანიზატორს, ამ ფორუმის ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო მეტად ზრდას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოგვყევით