logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - "საქსტატი"

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - "საქსტატი"

1783062780

2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (4.1 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (1.7 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებასა (2.9 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.2 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-3.1 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-0.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-1.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-1.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.3 პროცენტი), თევზეული (1.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.1 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (5.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.4 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.87 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24.0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (11.8 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.2 პროცენტით, რაც 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.1 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (6.8 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (5.4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით, რაც ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.5 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.0 პროცენტი).

გამოგვყევით