ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა, უძრავი ქონების ბაზრის 10-15%-იანი ზრდა გამოიწვიოს - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ უძრავი ქონების კომპანია Eristavi Estates-ის დამფუძნებელმა ზურაბ ერისთავმა განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ქვეყნის კურსს და მიმართულებებს განსაზღვრავს, ბიზნესს მეტ რწმენას მისცემს, გაიზრდება ნდობა უძრავი ქონების სექტორის მიმართ.
„დადებითი რეკომენდაციის შედეგად, ცალსახად, ველოდებით პოზიტიურ დამოკიდებულებას და ყოველი პოზიტიური დამოკიდებულება უძრავი ქონების ფასებზე დადებითად მოქმედებს. ვერ ვიტყვი, რა მოლოდინი შეიძლება იყოს ფასის ზრდის თვალსაზრისით, მაგრამ, თავად მოლოდინის გამართლება ნამდვილად, რაღაც დადებითს გამოიწვევს. შეიძლება, სპექტრის 10-15%-იანი ზრდაც დაფიქსირდეს. გაიზრდება რწმენა, უძრავი ქონებისადმი დამოკიდებულება გამყარდება, შესაბამისად, მოთხოვნაც უფრო გაძლიერდება“ - ამბობს ზურაბ ერისთავი.
შეგახსენებთ, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ გუშინ, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.