logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"პურის ფასი დაკორექტირდება თუ არა, გადაწყვეტილებას თავად მწარმოებლები მიიღებენ" - მალხაზ დოლიძე

თითოეული პურის მწარმოებელი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს - დააკორექტირებს პურის ფასს, თუ არა, - ამის შესახებ წარმოების საჭიროებების მიხედვის ვიმოქმედებთ და ძალიან მცირე მოგება ჩავდოთ, რათა წარმოებამ ისუნთქოს, - ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც ფქვილზე საიმპორტო გადასახადის კიდევ 1 თვით გახანგრძლივებასა და იმპორტის საფასურის გაზრდას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში პურის ფასი ყველაზე ნორმალური და დაბალია.

"ჩვენ 2023 წელს პურის ფასის ღირებულება 10 თეთრით შევამცირეთ. მაშინ იყო ამის კორექტირების საშუალება და ახლა შესაძლებელია ეს კორექტირება შესწორდეს. პურის მწარმოებლები როგორც ჩათვლიან საჭიროდ ისე იქნება. თავად მწარმოებლები გადაწყვეტენ პურის ფასს. ყველას თავისი სტანდარტი აქვს და ამ სტანდარტის შესაბამისად იმოქმედებს. შეიძლება ზოგმა 5 თეთრით, ზომა 3 თეთრით, ზოგმა 10 თეთრით, ზოგმა 7 თეთრით და ზოგმა საერთოდ არ დააკორექტიროს ფასი. ფქვილი, საფუარი, მარილი, მუშახელი ეს ყველაფერი უნდა იანგარიშოთ. არის წარმოება რომელსაც ეკონომიური ღუმელი უდგას, ზოგი კუსტარული დანადგარებით მუშაობს. გარდა ამისა, არის წარმოება, სადაც დანაკარგები მეტია, არის წარმოება, სადაც ნაკლებია და შესაბამისად, ყველა ერთნაირი არ არის. ამიტომ ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას.

ჩვენ წარმოების საჭიროების მიხედვით ვიმოქმედებთ. მთავარია კალკულაციაში ჩავეტიოთ და ძალიან მცირე მოგება ჩავდოთ იმისთვის, რომ წარმოებამ ისუნთქოს. მთავარია პური ცხვებოდეს. 5 და 10 თეთრზე საუბარი არ უნდა იყოს, პურის შეფუთვასაც თავისი ფასი აქვს, რაც საერთო ფასზე აისახება და ამას არავინ კითხულობს", - აცხადებს მალხაზ დოლიძე. 

ცნობისთვის, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი  1 თვით, 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამასთან, გაიზარდა იმპორტის საფასურიც. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია აღნიშნული. 

გამოგვყევით