განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის გადაწყვეტილების თავიდან აცილება წარმოუდგენელი იყო, რადგან კერძო სექტორი ძალიან დიდი ხანია ამას პროგნოზირებს.
როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი სირთულეებია და ქსელი განახლებას საჭიროებს.
"ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სემეკის წევრი ვიყავი, ცალსახად იყო საუბარი იმაზე, რომ გადამცემი ქსელები რთულ ვითარებაში იყო. მიმდინარე წლის იანვარში საქართველო კინაღამ ჩაქრა. საქართველოს ელექტროსისტემამ ნამდვილად ჩაიდინა გმირობის ტოლფასი საქციელი იმისათვის, რომ მთელი საქართველოს ჩაქრობა არ მომხდარიყო. ინფორმირებულები ვართ, რომ დაახლოებით წინა წლის დეკემბრის თვის ბოლოს უნდა მომხდარიყო ტარიფთან დაკავშირებით მსჯელობა, თუმცა 3 თვის განმავლობაში კიდევ გაგრძელდა განხილვები და დისკუსიები სწორედ ინვესტიციებთან დაკავშირებით და სემეკი საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდა ტარიფის დათვლის იმ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებაზე, რომლის მიხედვითაც აქ ქვეყანაში ტარიფი 2014 წლიდან ითვლება.
მე ერთ ადამიანსაც ვერ დავასახელებ, რომელიც არ ამბობს, რომ ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი სირთულეებია. მათ შორის, ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა იზრდება. ჩვენ არჩევანის წინაშე ვართ, ან უნდა გადავიდეთ გრაფიკზე და არ მგონია ეს ვინმესთვის ეს მისაღები იყოს, ან მეორე - ელვის სისწრაფით უნდა განვავითაროთ ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები როგორც ჰიდრო, ისევ მზე და ისევე ქარი. ან ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იქნება ის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ იმპორტდამოკიდებულება და წელს იანვრის თვეში იმპორტი თურქეთიდან განვახორციელეთ. რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი გადავიხადეთ და არა მხოლოდ თურქეთიდან ვზრდით იმპორტს, არამედ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან", - აცხადებს მაია მელიქიძე.
ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 5-6 თეთრით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.