logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"2025 წელს, წლიური საშუალო ინფლაციის დონე 4% იქნება" - ნათია თურნავა

2025 წელს, წლიური საშუალო ინფლაციის დონე ჩვენი ცენტრალური სცენარის მიხედვით 4% იქნება, თუმცა საშუალო ვადიან პერიოდში მკაცრად გატარებული მონეტარული პოლიტიკის, ერთობლივი მოთხოვნის ნორმალიზაციის და სურსათის ფასებიდან მომდინარე ინფლაციური ეფექტების მილევის პირობებში ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაცია მიზნობრივი, 3%-იანი ნიშნულის ირგვლივ დასტაბილურდება. 

"მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი არის საპროცენტო განაკვეთი. ჩვენ ვმართავთ მონეტარულ პოლიტიკას და მაქსიმალურად ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ფასების და ინფლაციის დონე სწორედ ამ ინსტრუმენტის გამოყენებით. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამოყენება ჩვენ შეგვიძლია როგორც გამკაცრების, ისე შემსუბუქების მიმართულებით და სწორედ, ასეთ კონტექსტში მართული მონეტარული პოლიტიკის ფონზე - 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან დონეზე დაბალი იყო და საშუალოდ 1.1%-ს შეადგენდა. წელს ინფლაციის მაჩვენებელი გადაცდა მიზნობრივ მაჩვენებელს და 5.2%-ს შეადგენს. მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტით და გარე ფაქტორებით აიხსნება. 

შედარებით მოქნილი ფასების ინფლაცია თუკი ხანგრძლივად მაღალ დონეზე შენარჩუნდა ეს ინფლაციური მოლოდინების რისკს საყურადღებოდ ტოვებს და ამიტომაც ჩვენ ყოველთვის ხელთ გვაქვს ინსტრუმენტი, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია. ჩვენ კვლავ ფრთხილ პოზიციას ვინარჩუნებთ. მიმდინარე ცენტრალური სცენარით ინფლაცია დროებით 3%-იან მაჩვენებელზე ზემოთ შენარჩუნდება", - აცხადებს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8%-ზე ინარჩუნებს.

გამოგვყევით