“საერთაშორისო რეზერვების მაღალი დონე ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტია. ეს არის ქვეყნის დაცულობა საგარეო შოკების მიმართ, განსაკუთრებით მცირე, ღია ეკონომიკის შემთხვევაში. რეზერვების მაღალი დონე უზრუნველყოფს ინვესტორების მაღალ ნდობას და ზოგადად ქვეყნის სტაბილურ განვითარებას” - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რეკორდული ნიშნულის შეფასებისას განაცხადა.
აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ახალ რეკორდულ ნიშნულს 8,14 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარების 613 მილიონი დოლარით მეტია, ხოლო წლიური ზრდა 56,4%-ს შეადგენს. მკვეთრად არის გაუმჯობესებული რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლები - კერძოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ 100%-იან ზღვარს სავალუტო რეზერვები მიმდინარე ეტაპზე აღემატება და 128,2%-ზე ნარჩუნდება.
ეკატერინე მიქაბაძის თქმით, 2026 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი უცხოური ვალუტა შეიძინა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სებ-ის გრძელვადიანი პოლიტიკა მიმართულია რეზერვების დაგროვებისა და სარეზერვო აქტივების ეფექტიანი მართვისკენ. სწორედ აქედან გამომდინარე, როდესაც მაკროეკონომიკური მდგომარეობა და სავალუტო ბაზარი ამის საშუალებას იძლევა, სებ-ი აქტიურ რეჟიმში აგროვებს რეზერვებს“, - აღნიშნა მიქაბაძემ.
სებ-ის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის სტრატეგიულ გადაწყვეტილებას და საერთაშორისო რეზერვების ოქროს მიმართულებით დივერსიფიკაციას.
„საკმაოდ პოზიტიურია სებ-ის სტრატეგიული გადაწყვეტილება რეზერვების ოქროს მიმართულებით დივერსიფიკაციისკენ. ოქროს ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შედეგად მონეტარული ოქროს ღირებულება რეზერვებში პრაქტიკულად გაორმაგებულია და აგვისტოს მონაცემებით 1 მილიარდ 149 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ხოლო ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.1 პროცენტია“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.