logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

გასულ წელს განხილული დავების თითქმის 80% მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა - ნათია თურნავა

გასულ წელს განხილული დავების თითქმის 80% მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა - ნათია თურნავა

1779101085

2025 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული დავების თითქმის 80% მომხმარებელთა სასარგებლოდ დასრულდა. შედეგად, პროვაიდერებმა მომხმარებლებს ჯამურად 400 000 ლარზე მეტი აუნაზღაურეს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც უსასყიდლოდ განიხილავს მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის ბანკებს შორის დავებს.

2025 წლის მდგომარეობით, კომისიამ მიიღო 158 საჩივარი. აქედან 111 საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, რომელთა დავის საგნის ჯამურმა ღირებულებამ გადააჭარბა 1 მილიონ ლარს. გადაწყვეტილი დავების 78 პროცენტი მომხმარებლებისთვის სასარგებლოდ დასრულდა. კომისიის საქმიანობის ფარგლებში უკვე ფაქტობრივად ანაზღაურებული/ჩარიცხული თანხების მოცულობამ შეადგინა 412 000 ლარი“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა გასულ წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ არაერთ მნიშვნელოვან აქტივობაზე. მათ შორის, დამტკიცდა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია, რაც ხელს უწყობს მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვაზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, დაიხვეწა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო.

„დამატებით, კონკურენტული გარემოს გაძლიერებისა და მომხმარებელთა დაცვის მიზნით, 2025 წლის 1 მაისიდან ფიზიკური პირებისა და 2 მილიონ ლარამდე ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის რეფინანსირებისას წინსწრებით დაფარვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა 2 პროცენტიდან 0.5 პროცენტამდე შემცირდა. ცვლილებების შედეგად შემცირდა ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას“, - დასძინა ნათია თურნავამ და მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს კანონში შესული ცვლილების გამო, რომლის თანახმად დავის საგანი 100 000 ლარამდე გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოგვყევით