საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) მჭიდრო კომუნიკაციას ვაგრძელებთ, იქნება ეს ტექნიკური დახმარებები მათი მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით, თუ ჩვენი ეკონომიკის პერიოდული მიმოხილვა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, სავალუტო ფონდის მიერ დადებულმა ანგარიშმა რეალური ფაქტები ასახა და სხვადასხვა მიმართულება დადებითად შეაფასა.
"სავალუტო ფონდის მისია იყო ჩამოსული საქართველოში და მათი საჯაროდ დადებული ანგარიში დადებითად აფასებს მაკროეკონომიკურ გარემოს, ეკონომიკურ პოლიტიკას, საბიუჯეტო მიმართულებით ფისკალურ პოლიტიკას. ჩემთვის სასიხარულო და სამართლიანია ის, რომ მონეტარული პოლიტიკა შეფასდა როგორც ადეკვატური და ეფექტური. ეს არის კარგი წინაპირობა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს და ყველა გაუგებრობა რაც იყო წარსულში, აღმოიფხვრას", - აცხადებს ნათია თურნავა.
ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის გუნდმა 10-16 დეკემბერს საქართველოში გამართული ვიზიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ვიზიტის დასასრულს მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაიდენბერგმა განაცხადა შემდეგი: "საქართველო მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. 2025 წელს რეალური მშპ-ს 7.3 პროცენტიან ზრდას ველით. ზრდის ეს ტემპი ოდნავ ჩამოუვარდება 2024-ის მაჩვენებელს, ხოლო ისტორიულ ჭრილში კვლავ მაღალია. ეკონომიკურ საქმიანობაში წამყვანია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის და განათლების სექტორები, რომელთა ზრდა პანდემიის შემდგომ და უკრაინაში ომის დაწყების პერიოდიდან აჩქარდა. სწრაფმა ზრდამ უმუშევრობის დონე ისტორიულად დაბალ 13.3%-მდე შეამცირა, თუმცა, უმუშევრობა სტრუქტურულად მაღალი რჩება".